სამართალი
ოფიციალური თბილისი კომპანია „ELBIT“-თან მორიგებას ადასტურებს

sasamartloooთბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ებრაულ კომპანია „ELBIT“-სა და ქართულ მხარეს შორის მორიგება შედგა.

„ვადასტურებ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა და მორიგება შედგა. საუბარია რამდენიმე ხელშეკრულებაზე, რომლებიც მხარეებს შორის იყო გაფორმებული, თუმცა ეს კერძო ბიზნესის ხასიათის მატარებელი ხელშეკრულებებია. შეთანხმება შედგა, ორივე მხარე კმაყოფილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარე დათმობაზე წავიდა“, – განაცხადა კალანდაძემ.

რაც შეეხება ციფრებს, მინისტრის მოადგილის თქმით, მათზე ვერ ისაუბრებენ, სანამ არ გამოიკვეთება, რომელი ხელშეკრულება დაკმაყოფილდება და რომელი – არა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საქართველო თავდაცვითი სისტემების მწარმოებელ ებრაულ კომპანია „ELBIT SYSTEMS LTD“-ს 35 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის.

კომპანიამ გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უზენაეს სასამართლოში საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი 2011 წლის აპრილში შეიტანა. კომპანია საქართველოს 2007 წელს გაფორმებული კონტრაქტის დარღვევას ედავებოდა და ზიანის ანაზღაურებისთვის 100 მილიონ დოლარს ითხოვდა.

„გარიგების თანახმად, საქართველო კომპანიას, დაახლოებით, 35 მლნ აშშ დოლარს გადაუხდის, ასევე, დაუბრუნებს გარკვეულ აღჭურვილობას და სისტემებს, რომელიც კომპანიამ საქართველოს თავდაპირველი პრეტენზიების მოხსნის სანაცვლოდ ადრე მიაწოდა“, – აღნიშნულია 29 დეკემბერს კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.