ფოთის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს დანგრევა ემუქრება
ფოთი, 24 იანვარი,
საქინფორმი. ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნო ფოთის ნავსადგურთან მდებარე წმიდა ნიკოლოზის ტაძრის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, 18 იანვარს წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარს, ეკლესიის მრევლსა და მიტროპოლიტის სამდივნოს თანამშრომლებს ტაძრისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება აუკრძალეს. „მიგვაჩნია, რომ ნავსადგურის ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ქმედება არის იმ მზაკვრული გეგმის ნაწილი, რომელიც საერთო ჯამში მიზნად ისახავს წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის დანგრევას. ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მოძღვარს, ეკლესიის მრევლს და მიტროპოლიტის სამდივნოს თანამშრომლებს დახვდათ ახლად დამონტაჟებული შლაგბაუმი და დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მანქანების გადაადგილება შეაჩერა და მოძღვარს განუცხადა, რომ ჯერ მხოლოდ ფეხით შეიძლება ტაძრისკენ გადაადგილება, მაგრამ ორი თვის შემდეგ სპეციალური საშვის გარეშე არავინ დაიშვება ტაძარში და არც ტაძართან არსებულ საეკლესიო დანიშნულების შენობაში, სადაც განთავსებულია მიტროპოლიტის სამდივნო და ეპარქიის განვითარების ფონდი.
წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის სხვა ადგილას გადატანის თაობაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, რაც ფოთის საზღვაო ნავსადგურის მესაკუთრე კომპანია არაბული „რაკია“ გახდა. თემა უკანასკნელი წლების განმავლობაში დროდადრო აქტიურდებოდა. აღნიშნული საკითხი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის 2010 წლის საშობაო ეპისტოლეშიც მოხვდა. ფოთის ნავსადგურში არსებული წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გადატანის თაობაზე საუბარი კი, ფაქტობრივად, გულისხმობს ტაძრის დანგრევას იმ საბაბით, რომ იგი ხელს უშლის ნავსადგურის განვითარებას“, – ნათქვამია ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.