საზოგადოება
თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი კაპიტანი სევასტი თოდუა რამდენიმე დღეა, რუსთავის „მეტალურგთან“ ერთად ვარჯიშობს. მასთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმერულმა კლუბმა 2011 წლის მიწურულს გაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, თოდუასთან ერთად გუნდიდან გაშვებული ფეხბურთელები ფოთის „კოლხეთში“ უნდა გადაბარგებულიყვნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, 35 წლის მცველმა ყოფილ კლუბში დაბრუნება არჩია.
ვინაიდან ქვემოქართლელთა კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე კლუბმა ტრანსფერზე დააყენა, სევასტი თოდუას, სავარაუდოდ, მისი ადგილის დაკავება მოუწევს, მიუხედავად იმისა, რომ „ტორპედოში“ ვეტერანი ფეხბურთელი დაცვის ფლანგზე იყო გამწესებული.შეგახსენებთ, რომ თოდუა რუსთავის კლუბის ღირსებას 2009-2010 წლების სეზონზე იცავდა. „მეტალურგსა“ და მას შორის კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა, თუმცა უახლოეს მომავალში კლუბი ფეხბურთელს ოფიციალურად გაიფორმებს.