თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. მედიაკავშირმა „ობიექტივმა“ 2011 წლის 13 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე საზოგადოების წინასაარჩევნო განწყობა გამოიკითხა.
გამოკითხვა ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ახალციხეში, ახმეტაში, ბოლნისში, ბორჯომში, გალში, გარდაბანში, გორში, თეთრიწყაროში, თელავში, მარნეულში, სენაკში, საჩხერეში, ყვარელში, ხაშურში.
სულ გამოიკითხა 3 263 ადამიანი. მათგან – 49% მამაკაცი, 51% – მანდილოსანი. გამოკითხულთა 36% 18-30 წლამდე ასაკისაა, 47% – 30-60 წლამდე, 17% კი 60 წელს აღემატება. გამოკითხულთა 21% დასაქმებულია, 37% უმუშევარია, დანარჩენებმა არ გაამხილეს, მუშაობენ თუ არა.გამოკითხულებმა 20 კითხვას უპასუხეს. ამჯერად „ობიექტივი“ აქვეყნებს პასუხებს პირველ ოთხ კითხვაზე:
1. „არის თუ არ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო?“ – გამოკითხულთა 17.0%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი გარემოა, 72.66% ფიქრობს, რომ ასეთი გარემო არ არის, 9.62%-მა არ იცის, 0.64%-მა კი შეკითხვას არ უპასუხა;
2. 15.29% მხარს უჭერს დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას 150-დან 190-მდე, 69.1% არ უჭერს მხარს, 15.26%-მა არ იცის, მხარს უჭერს თუ არა, 0.33%-მა შეკითხვას არ უპასუხა;
3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს 81.33%, არ აპირებს – 8.15%, 9.86%-ს არ გადაუწყვეტია, 0.61%-მა შეკითხვას არ უპასუხა.
4. შეკითხვაზე – „2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება რომ მიეცეს ყველა პარტიას და საზოგადოებრივ მოძრაობას, გთხოვთ, დაასახელოთ რომელს დაუჭერდით მხარს?“ – პასუხები ასე განაწილდა:
1. „ქართული ოცნება“ (ბიძინა ივანიშვილი) – 62.12% ;
2. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (მიხეილ სააკაშვილი) – 13.37%;
3. „წინააღმდეგობის მოძრაობა“ (დავით თარხან-მოურავი) – 4.81%;
4. „თავისუფალი დემოკრატები – ჩვენი საქართველო“ (ირაკლი ალასანია) – 3.34%;
5. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (გიორგი თარგამაძე) – 3.12%;
6. „ახალი მემარჯვენეები“ (დავით გამყრელიძე) –2.35%;
7. „ლეიბორისტული პარტია“ (შალვა ნათელაშვილი) – 2.23%;
8. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოგი თოფაძე) – 1.28%;
9. „ეროვნული ფორუმი“ – 1.07%;
10. „სახალხო კრება“ – 0.92%;
11. „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ (ნინო ბურჯანაძე) – 0.79%;
12. „მწვანეთა პარტია“ (გია გაჩეჩილაძე) – 0.77%;
13. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ (ბაჩუკი ქარდავა) – 0.73%;
14. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ (დავით უსუფაშვილი) – 0.73%;
15. „ქართული პარტია“ (ირაკლი ოქრუაშვილი) – 0.33%;
16. „კონსერვატიული პარტია“ (ზვიად ძიძიგური) –0.27% ;
17. „საქართველოს გზა“ (სალომე ზურაბიშვილი) – 0.24%;
18. „ხალხის პარტია“ (კობა დავითაშვილი) – 0.24%;
19. „ქართული დასი“ (ჯონდი ბაღათურია) – 0.15%;
20. „ტრადიციონალისტთა კავშირი“ (აკაკი ასათიანი) – 0.06%.
შეკითხვას არ უპასუხა გამოკითხულთა 1.08%-მა.
იმის გათვალისწინებით, რომ დედაქალაქის მცხოვრებთა განწყობა ხშირად გავლენას ახდენს დანარჩენ საქართველოში მცხოვრებთა განწყობაზე, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ამომრჩეველთა ერთ მესამედზე მეტი ცხოვრობს, „ობიექტივი“ ცალკე გამოაქვეყნებს ამავე საკითხებზე კვლევის შედეგებს თბილისის მასშტაბით, საერთოდ კი, აპირებს ყოველდღიურად გააცნოს მკითხველს მოსახლეობის განწყობა.
ვინაიდან საზოგადოებაში დიდი უნდობლობაა სოციოლოგიური კვლევის შედეგების მიმართ, „ობიექტივი“ მზადაა, დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს ყველა ანკეტის ორიგინალი.
ბუნებრივია, ამ ერთი თვის განმავლობაში, პოლიტიკურმა პროცესებმა საზოგადოების განწყობაზე გავლენა მოახდინა. ამიტომ „ობიექტივმა“ გადაწყვიტა, ახალი რეალობის გათვალისწინებით, თებერვალში კიდევ ერთხელ ჩაატაროს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და შედეგები თებერვლის ბოლოს შესთავაზოს მკითხველს.