აქტუალური
კოდუას ალტერნატივა: მოსკოვი ნატოს მაგივრად

aviaxazebi-koduaთბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. „სქაი ჯორჯიამ“ რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციას სამგზავრო ფრენების აღდგენის თხოვნით ოფიციალური წერილით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.

კოდუას განცხადებით, მთავრობის მიერ ავიაკომანიისთვის ნატოს წევრ ქვეყნებში ფრენების აკრძალვამ კრედიტორების მომსახურება დაამძიმა და კომპანია ალტერნატიულ გზას ეძებს. მისივე თქმით, კომპანიის ვალები დაახლოებით 25 მლნ ლარამდეა. ნატოს ჯარების მომსახურებაზე ტენდერის მოგების შედეგად „სქაი ჯორჯია“ ამ თანხის დაფარვას იმედოვნებდა. თუმცა გასული წლის ნოემბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ავიაკომპანიას სამხედრო გადაზიდვების განხორციელება აუკრძალა. „ამიტომ ახლა ვფიქრობ, ალტერნატიული გზა მოვძებნო და მოსკოვის მიმართულებით სამგზავრო ფრენები აღვადგინო. „ბოინგის“ ტიპის ორი თვითმფრინავი უკვე გვყავს“, – აცხადებს კოდუა.

25 იანვარს „სქაი ჯორჯიას“ კრედიტორთა კრება გაიმართება, სადაც მისი რეაბილიტაციის მმართველი შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენი“ ანგარიშს წარადგენს. ავიაკომპანიაში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე „სქაი ჯორჯიას“ მენეჯმენტმა სპეციალური განცხადება 2010 წელს გაავრცელა.

მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ კომპანიას 25 მილიონი ლარის კრედიტორული დავალიანება ჰქონდა. კრედიტორებს შორის „ლილო სითი“, „ბი-პი საქართველო“, „ჯორჯიან პეტროლეუმი“, „ბელავია“, „ვითიბი ბანკი“ და „ლიბერთი ბანკი“ არიან.