სამართალი
თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქინფორმს ატყობინებს, ორგანიზაციის თაოსნობით გუშინ გორის რაიონის სოფელ კარალეთში ადგილობრივ ქალთა ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში მორიგი სემინარი გაიმართა.
პროექტი, რომელიც გერმანიის „საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ მხარდაჭერითა და ფონდ „ტასოს“ პარტნიორობით ხორციელდება, მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ქალების ცოდნის ამაღლებას მათი ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას.ღონისძიებას სხვადასხვა პროფესიის მქონე 25-მდე ქალბატონი ესწრებოდა. ისინი გაეცნენ უფლებებს, რომლებიც მათ ენიჭებათ ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით. ასევე, მექანიზმებს, რომლებიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემცირებას უწყობს ხელს.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ თვლის, რომ ქალთა ინფორმირებულობის ამაღლება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რათა გაიზარდოს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აღნიშნული სახის სემინარები სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში გაიმართება.