სამართალი
თბილისი, 23 იანვარი საქინფორმი. შპს „იგრიკაზე“ ყადაღის დადების საკითხზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს მიიღებს. ამის შესახებ „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ ადვოკატმა დავით კიკალეიშვილმა განაცხადა. „სასამართლოს ჩვენი სარჩელის განხილვისთვის მხოლოდ ერთი სამუშაო დღე აქვს. ვინაიდან სარჩელი პარასკევს შევიტანეთ, პასუხს ორშაბათს ველოდებით“, – აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე განმარტებით, თუ დადასტურდება, რომ შპს „იგრიკა“, რომლის მფლობელიც „მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე იყო, მართვის უფლებით შპს „აქსეპტს“ სასამართლოში სარჩელის შეტანამდე გადაეცა, მაშინ სასამართლოს უფლება აქვს, მასზე ყადაღის დადების გადაწყვეტილება არ მიიღოს.აქამდე კიკალეიშვილი აცხადებდა, რომ სარჩელის შეტანის მომენტისთვის „იგრიკა“ მართვის უფლებით შპს „აქსეპტისთვის“ გადაცემული არ იყო, თუმცა, აღნიშნული კომპანიის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც კიკაბიძესა და „აქსეპტს“ შორის შეთანხმება 18 იანვარს გაფორმდა.
„რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ“ სასამართლოს შპს „იგრიკაზე“ ყადაღის დადების მოთხოვნით 20 იანვარს მიმართა. „რუსთავის მედიის მართვის კომპანია“ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მოითხოვს ილია კიკაბიძის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ, შპს „იგრიკაში“ მისი წილისთვის ყადაღის დადებას.