საზოგადოება
თბილისში პრესის რეალიზაციის ურიკა-სტენდები გამოჩნდა

presa-urikaთბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ პროექტის – „თბილისის მოსახლეობისთვის თავისუფალი პრესის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ – ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქში უკვე პრესის რეალიზაციის 25 ურიკა-სტენდი მოძრაობს.  მოძრავი ურიკა-სტენდები „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ სპეციალურად დაამზადებინა. ეს ორგანიზაციის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული ერთ-ერთი სიახლეა.

ბეჭდური მედიის რეალიზატორებს, რომლებიც მოძრავ ურიკა-სტენდებზე მუშაობენ, აცვიათ სამუშაო ქურთუკები და კეპები წარწერით – „მე მიყვარს თავისუფალი პრესა“. ასეთი სამოსი „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ პრესის რეალიზატორებისთვის სპეციალურად დაამზადებინა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ ეს სამუშაო ფორმა პრესის სხვა 60-მდე რეალიზატორსაც უსასყიდლოდ დაურიგა.

„ჩვენ განზრახული გვაქვს, ჟურნალ-გაზეთები თბილისის ყველაზე განაპირა რაიონებსაც მივაწოდოთ, შესაბამისად, პრესის 200 რეალიზატორის დასაქმებას ვაპირებთ, – აცხადებს „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლექსო ჯიქია, – ამ საკითხთან დაკავშირებით, მსურველებს დღესაც შეუძლიათ მოგვმართონ“.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრესის რეალიზატორის ანაზღაურება 500 ლარია (ფიქსირებული ხელფასი – 300 ლარი და მასზე დამატებული რეალიზაციიდან მიღებული პროცენტი). უპირატესობა 20-დან 55 წლამდე პირებს ენიჭებათ. მსურველებმა უნდა დარეკონ ტელეფონის ნომრებზე: 298 40 39, 599 79 34 25.