საზოგადოება
სააკაშვილი: „სისულელეა, თითქოს საავადმყოფოებში მსახიობებს მახვედრებენ“

mishmaka-da-chacmuli-kaci-lთბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ლაგოდეხში „არქიმედეს“ კლინიკაში ვიზიტისას განაცხადა, არ ესმის იმ ხალხის, ვინც ასე საუბრობს.

„ამბობენ, რომ ძველი საავადმყოფოები დაიხურა და ახალი იხსნება, მაგრამ ძველები უფრო დიდი იყოო. ფაქტია, რომ ძველ საავადმყოფოში პაციენტები უკვე აღარ დადიოდნენ და ის შენობები საერთოდ უაზროდ იდგა. რას არ იგონებენ, ხან ერთ სისულელეს, ხან – მეორეს. ამბობენ, სამედიცინო აპარატურა დააქვთ აქეთ-იქითო, იმასაც ამბობენ, პაციენტების ნაცვლად მსახიობებს აწვენენ და მათ ახვედრებენ სააკაშვილსო. არ მესმის იმ ხალხის, ვინც ასე საუბრობს, რატომ სწყინთ, რომ ახალი საავადმყოფოები იხსნება და, საერთოდ, ამ სფეროში პროგრესია? პირიქით, ეს საავადმყოფოები ყველასთვის არის. ეს კეთდება იმისთვის, რომ თუ საქართველო წინ უნდა წავიდეს და მართლა მიდის, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ხარისხიანი ჯანდაცვაა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

არ შეიძლება არ დაეთანხმოს მკითხველი პრეზიდენტს, რადგან საავადმყოფოებში მას პაციენტების ნაცვლად არათუ მსახიობებს, არამედ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ადგილობრივ მცხოვრებს ახვედრებენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ბაღდათში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის სტუმრობისთვის მზადების პროცესში „კომპეტენტურმა პირებმა“ ახალი კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამვლელი მამაკაცი შეიყვანეს კლინიკაში და სთხოვეს, დაწოლილიყო როგორც პაციენტი. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალაც კი არსებობს, რომელმაც კარგახანს იტრიალა სრულიად ინტერნეტსივრცეში და ამ შემთხვევას თავად პრეზიდენტიც აღუშფოთებია.

მართალია, ეს ყოველთვის არ ხდება და ზოგიერთ საავადმყოფოს ნამდვილი პაციენტები ჰყავს, თუმცა მითქმა-მოთქმა მაინც არ ცხრება და, სხვა რომ არაფერი, ერთი კონკრეტული ფაქტი მაინცაა სახეზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ ბაღდათის ახალი საავადმყოფოს პალატაში მწოლიარე პაციენტს პერანგი და პულოვერი აცვია.