თბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს მაჩვენებლები „Freedom House“-ის ყოველწლიურ ანგარიშში უცვლელია და ის კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყანად რჩება.
„თავისუფლება მსოფლიოში 2012 წელს“ იკვლევს 195 სახელმწიფოსა და რამდენიმე „სადავო ტერიტორიაზე“ არსებულ სიტუაციას მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით და ასახავს 2011 წელს განვითარებულ მოვლენებს. თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არათავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1-დან 7-მდე გრადაციაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 – ყველაზე ნაკლებთავისუფალს.
საქართველოს ქულა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში უცვლელი დარჩა და, წინა ანგარიშის მსგავსად, შესაბამისად, კვლავ 4-ზე და 3-ზე შენარჩუნდა.„საქართველოში პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ კრიტიკის სამიზნედ რჩება იმ მცდელობების გამო, რომლებიც მიმართულია პოტენციური ოპოზიციური ფიგურების მარგინალიზაციისკენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
ბოლო ანგარიშში საქართველო კვლავაც „არჩევითი დემოკრატიის“ სტატუსის გარეშე რჩება – ეს სტატუსი საქართველომ „Freedom House“-ის 2009 წლის ანგარიშში დაკარგა, რომელიც წინა წლის საპარლამენტო და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოვლენებს ასახავდა.
„Freedom House“-ის კვლევაში, ასევე, მოხსენიებულია აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომლებიც „სადავო ტერიტორიების“ კატეგორიაში გადიან. წინა ანგარიშების მსგავსად, სამხრეთ ოსეთს – „არათავისუფალის“, ხოლო აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვს მინიჭებული.