თბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, საბერძნეთში დაკავებული ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი საქართველოს სამართალდამცავების მიერ იძებნება, თუმცა, ამავე დროს, არის ესპანეთის მიერ ძებნილი, შესაბამისად, ექსტრადიციას მოითხოვს როგორც საქართველო, ისე ესპანეთი.
კალანდაძის განმარტებით, ვინაიდან ესპანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ესპანეთს ენიჭება უპირატესი მოთხოვნის უფლება. თუმცა მინისტრის მოადგილე იქვე განმარტავს, რომ ეს საქართველოსთვის ექსტრადიციის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.„ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩო საბერძნეთში, ასევე, საქართველოს წარმომადგენლობა ესპანეთში. ევროპის მთელ რიგ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს სამართალდამცველებს შორის. ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ და დახმარებას უწევენ უცხოელ კოლეგებს ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა შუშანაშვილი ათენის ერთ-ერთ გარეუბანში ინტერპოლმა დააკავა. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, „კრიმინალურ ავტორიტეტ“ ლაშა შუშანაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით – „კანონიერი ქურდობისა“ და 181-ე მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით – გამოძალვის ბრალდებები, დაუსწრებლად წარედგინა.
დაკავებულს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დაცვასთან ერთად აიყვანეს. ქართველი კრიმინალი საბერძნეთში ყალბი რუსული პასპორტით იმალებოდა.
საქართველოს შსს-ის ინფორმაციით კი, შუშანაშვილი, რომელიც ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა, საბერძნეთში შვიდ თანამზრახველთან ერთად დააკავეს. შუშანაშვილს ეძებდა როგორც ქართული, ისე ესპანური მხარე.