სამართალი
პარტიების ქონების დაყადაღება მონიტორინგის სამსახურის უფროსის პრეროგატივა ხდება

kontrolis-palataთბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „კონტროლის პალატის შესახებ“ კანონებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური, იურიდიული პირების, პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსის პრეროგატივა ხდება.

შესაბამისი ბრძანება კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა გამოსცა.

ბრძანების თანახად, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ პირებად კონტროლის პალატის პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური და აუდიტის განმახორციელებელი მოსამსახურეები განისაზღვრა.

პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი პირი.

ამავე ბრძანებაში ნათქვამია, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონით და „კონტროლის პალატის შესახებ“ კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი იღებს.

ბეჟაშვილის ბრძანება უკვე ძალაშია, რადგან ის უკვე გამოაქვეყნა „საკანონმდებლო მაცნემ“.