თბილისი, 23 იანვარი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ განუცხადა ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომ 25 მარტს დაგეგმილი განმეორებითი არჩევნები უკანონოა და იგი მასში მონაწილეობას არ მიიღებს.
რამდენიმე დღის წინათ ჯიოევამ განაცხადა, რომ ტოვებს ხელისუფლებასთან დადებულ პოსტსაარჩევნო შეთანხმებას და რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვადიმ ბროვცევს გადადგომისა და ძალაუფლების მისთვის გადაცემისკენ მოუწოდა.
ჯიოევას მხარდამჭერები (მათი რაოდენობა 100-დან 200-მდე მერყეობს) მისი ოფისის წინ შეიკრიბნენ, რათა ხელისუფლების მიერ პოსტსაარჩევნო შეთანხმების შეუსრულებლობა გაეპროტესტებინათ.
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, აქციაზე ჯიოევამ განაცხადა, რომ 23 იანვრამდე ბროვცევის პასუხს დაელოდება და ამის შემდეგ გააკეთებს განცხადებას თავისი „საპრეზიდენტო ინაუგურაციის“ თარიღის დანიშვნის თაობაზე.ბროვცევის პრესსამსახურის მიერ 21 იანვარს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში დაგმობილია ჯიოევას გამოსვლა პოსტსაარჩევნო შეთანხმებიდან, როგორც არაკონსტრუქციული ქმედება, რომელიც რესპუბლიკაში განმეორებითი არჩევნების წინ შიდაპოლიტიკური სიტუაციის განზრახ დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.
ამავე დროს, 20 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი მარტის განმეორებითი არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებას გეგმავს. თედეევს, რომელიც ედუარდ კოკოითის, რეგიონის ყოფილი ლიდერისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის მწვავე ოპონენტია, არჩევნებში მონაწილეობა ნოემბერშიც სურდა, თუმცა იმ მოტივით აეკრძალა, რომ მას 10 წლის განმავლობაში არ უცხოვრია სამხრეთ ოსეთში. ამის შემდეგ თედეევმა მხარდაჭერა ჯიოევას გამოუცხადა. არჩევნების პირველ ტურამდე, ჯიოევამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, განაცხადა, რომ მას შემდეგ გადაწყვიტა არჩევნებში ჩაბმა, რაც ყველა მძიმეწონიან ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
თავის კომენტარში ჯიოევამ განაცხადა 20 იანვარს, რომ თედეევის გადაწყვეტილება – მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ერთმანეთზე არ ვართ დამოკიდებული“.
სამხრეთ ოსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა განმეორებით არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა რამდენიმე კანდიდატმა, მათ შორის არიან სახელმწიფო საინფორმაციო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კაბისოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე იგორ ალბოროვი და პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი. კანდიდატთა წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება. ამის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგისტრაციის პროცესს დაიწყებს, რომელიც 29 თებერვლამდე გასტანს.
13 იანვარს სამხრეთ ოსეთის ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა რუსულ და ოსურ ენებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. რუსული სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ენად რეფერენდუმის შედეგად გამოცხადდა, რომელიც 13 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან ერთად გაიმართა.