პუბლიკაციები
სანდრო კავსაძე: „რუსეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებას სააკაშვილის ხელისუფლება უწყობს ხელს!“

kavsazeრამდენიმე თვის წინათ „ასავალ-დასავალის“ ფურცლებზე გამოქვეყნდა სკანდალური ინტერვიუ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთან, ვიცე-პოლკოვნიკ სანდრო კავსაძესთან, რომელმაც საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრ იგორ გიორგაძესა და რუსეთში მოღვაწე რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს, რომლებიც თითქოს სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებიან, ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი სინამდვილეში სააკაშვილთან არიან შეკრულები და მის თამაშს თამაშობენ. რამდენიმე დღის წინათ სანდრო კავსაძე ინტერნეტის საშუალებით კვლავ დამიკავშირდა და მორიგი სანდალური ინტერვიუ მომცა, თან მთხოვა, რომ მისი ყოველი სიტყვა უცვლელად და შეულამაზებლად დამებეჭდა. ჩვენ ვასრულებთ რესპონდენტის თხოვნას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უცვლელად გთავაზობთ. დაე, დასკვნები თავად მკითხველმა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დაეთანხმება თუ არა სანდრო კავსაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს.

ბატონო სანდრო, რადგან დამიკავშირდით, გული მიგრძნობს, კვლავ რაღაც სკანდალური განცხადების გაკეთებას აპირებთ, როგორიც ეს ჩვენთვის რამდენიმე თვის წინათ მოცემულ ინტერვიუში გამოჩნდა. მაშინ თქვენ საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრ იგორ გიორგაძეს და მოსკოვში მყოფ სხვა ცნობილ ქართველებს სააკაშვილის ხელისუფლებასთან გარიგებასა და ამ გზით მილიონების მოხვეჭაში დასდეთ ბრალი. მაინტერესებს, რა რეაქცია მოჰყვა უშუალოდ ამ ადამიანების მხრიდან ასავალ-დასავალში გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს?

– როცა თქვენს გაზეთში ჩემი ინტერვიუ გამოქვეყნდა, ამას ძალიან მძაფრი რეაქციები მოჰყვა რუსეთის სხვადასხვა წრეებში, რადგან ამ ინტერვიუთი მე ბევრ ტაბუდადებულ თემას ავხადე ფარდა. ამ ინტერვიუმ ძალიან შეაშინა მოსკოვში მყოფი ის ქართველები და არამარტო ქართველები, რომლებიც ჩართულნი არიან ორმაგ თამაშებში რუსეთის და მსოფლიოს ხელისუფლებებთან.

მოსკოვში ბევრმა ბიზნესმენმა თუ თანამდებობის პირმა თავიც კი მოიავადმყოფა, ზოგი, საერთოდ, საავადმყოფოში დაწვა, რომ ჩემ მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე პასუხის გაცემისთვის თავი აერიდებინათ!

განსაკუთრებით აეწვათ კუდი რუსეთში მყოფ იმ ქართველ ბიზნესმენებს, რომლებიც პირდაპირ ემსახურებიან სააკაშვილის და საქართველოს მთავრობის ინტერესებს!

ვინ არიან ეს ბიზნესმენები?

– ყველაფერს გეტყვით, ზოგს პირდაპირ დავასახელებ, ზოგის დასახელებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ მანამდე ერთი საკითხი მინდა, გავშიფრო: რუსთში მყოფ რუს და ქართველ ბიზნესმენებს გახსნილი აქვთ ანგარიშები უცხოეთის ბანკებში და ამ ანგარიშებს თავიდან ბოლომდე აკონტროლებს ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ელცინის დროს ნაშოვნი არაკანონიერი, სისხლიანი ფული და იმის შიშით, რომ საზღვარგარეთის ბანკებში ამერიკამ ეს ფული არ გაუყინოს, ეს ბიზნესმენები იძულებულნი არიან, ითანამშრომლონ ამერიკულ სპეცსამსახურებთან და, ასევე, საქართველოს ხელისუფლებასთან.

მხოლოდ ერთი-ორი ქართველი ბიზნესმენის დასახელება შემიძლია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არა აქვს. ასეთია, მაგალითად, ალექსანდრე ებრალიძე, რომელსაც რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან ძნელად მოსატყუებელი კაცია. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ებრალიძე არ არის შეკრული სააკაშვილთან. იმავეს თქმა შემიძლია ჩემს ყოფილ მეგობარ კოტე გოგელიაზეც.

რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი არა მარტო სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, არამედ პირდაპირ ასრულებენ აგენტურულ საქმიანობას. დიახ, მათ დავალებული აქვთ, იმეგობრონ რუსეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსნებთან, მიიღონ მათგან საიდუმლო ინფორმაცია და მიაწოდონ არამარტო საქართველოს, არამედ უცხოეთის სპეცსამსახურებს.

სანდრო ბატონო, შეგიძლიათ დაასახელოთ, კონკრეტულად ვინ აკეთებს ამას?

– იგივე იგორ გიორგაძე არის დაკავებული ამ საქმიანობით და ეს მისი ბიზნესია. დიახ, ამ ადამიანებისათვის საქართველოს ბედ-იღბალი ბიზნესად იქცა და მილიონებს შოულობენ.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ პუტინი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთში. ამ დროს დაიგეგმა ქართველების ანტიპუტინისტური აქცია პარიზში და ეს აქცია დაფინანსდა მილიონი ევროთი. საფრანგეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები დაახლოებით 20 ათასამდე ქართველი უნდა შეკრებილიყო პარიზში და გაემართა აქცია პუტინის წინააღმდეგ. პლაკატები ჰქონდათ დაბეჭდილი სტალინისა და პუტინის გამოსახულებით. მოკლედ, სერიოზულად ემზადებოდნენ ამ აქციის ჩასატარებლად.

მე და ჩემმა მეგობრებმა, თანამოაზრეებმა, თანამებრძოლებმა თვე-ნახევრით ადრე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს აქცია მზადდებოდა და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს აქცია ჩაშლილიყო.

კი მაგრამ, თქვენ, ქართველი კაცი, რატომ იყავით დაინტერესებული, რომ პუტინის წინააღმდეგ მიმართული ქართველების საპროტესტო აქცია ჩაგეშალათ?

– გეტყვით, რატომაც ვაკეთებდი ამას, მაგრამ მანამდე ის უნდა გითხრათ, რომ ჩვენ შევძელით ამ აქციის ჩაშლა და პარიზში 100 კაცზე მეტი ვერ გამოიყვანეს პუტინის წინააღმდეგ. ამას მოჰყვა ძალიან მწვავე რეაქცია რუსეთის ხელისუფლებაში მოკალათებული ანტიპუტინისტების მხრიდან. პირდაპირ დევნა დაუწყეს იმ ადამიანებს, ვინც ეს აქცია ჩაშალა. ამ ხალხის უმრავლესობა დღეს რეპრესირებულია, ზოგი გაიქცა რუსეთიდან, ზოგი დააშინეს და ა.შ. ამ ხალხის დევნაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმ ქართველებმა, რომლებსაც მძიმეწონიანი მეგობრები ჰყავთ რუსეთის ხელისუფლებაში.

ახლა რაც შეეხება იმას, თუ რატომ ჩავშალე ჩემს მეგობრებთან ერთად ქართველების ანტიპუტინისტური აქცია პარირზში. პირდაპირ ვაცხადებ, რომ მე არ მინდა, საქართველო გადაიქცეს ანტიპუტინისტურ პოლიტიკურ ცენტრად, არ მინდა, რომ ქართველები ვიღაცების მიერ ბრმა იარაღად იყვნენ გამოყენებული პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ვიღაცებში ვის გულისხმობთ?

– დააკვირდით, რა ხდება: საქართველოში თავს იყრიან რუსეთიდან გაქცეული პოლიტიკური ბიზნესმენები, მაგალითად, ბერეზოვსკი, რომელმაც „ბორჯომის წყლის“ 75 პროცენტი შეისყიდა და საქართველოში გახსნა ანტიპუტინისტური ტელევიზია, რომლის მიზანიც არის ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის არევა!

ანტიპუტინისტური ჯგუფის წევრია რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი იაკობაშვილი, რომლის ფირმა „ვიმბილდანიც“ შესულია ქართულ ბაზარზე. დავასახელებ სოსო ორჯონიკიძეს, რომელმაც სერიოზული ინვესტიციები განახორციელა საქართველოში.

ეს ის ხალხია, რომელიც ახლა სააკაშვილის ხელისუფლებისა და უცხოეთის სპეცსამსახურების დავალებით ცდილობს რუსეთში სიტუაციის არევას, რათა პუტინი არ გახდეს პრეზიდენტი.

რას ნიშნავს, რუსეთში სიტუაციის არევას ცდილობენ?

– ახლახან ჩატარებულმა დუმის არჩევნებმა პუტინის ძალიან კომპრომისული და დემოკრატიული ხასიათი გამოავლინა. დიახ, პუტინი არ წავიდა არჩევნების გაყალბებაზე და სახელისუფლო პარტიამ მიიღო ხმების ისეთი რაოდენობა, რომელიც საკმარისი არ არის დუმაში უმრავლესობის მოსაპოვებლად. იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, პუტინმა საკომიტეტო კვოტები გაუნაწილა და, ფაქტობრივად, ოპოზიციასთან კოალიცია შექმნა. ეს არის ნამდვილად წინგადადგმული და დემოკრატიული ნაბიჯი პუტინის მხრიდან.

მიუხედავად ამისა, ანტიპუტინისტური წრეები მაინც აწყობენ საპროტესტო აქციებს და ამ მიტინგების ხელშემწყობები და ორგანიზატორები საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური ბიზნესმენები არიან!

ანუ გინდათ, თქვათ, რომ რუსეთში საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებაში სააკაშვილის ხელისუფლება მონაწილეობს?

– დიახ, სწორედ ასეა, რუსეთში საპროტესტო აქციების ორგანიზებას ხელს უწყობს სააკაშვილის ხელისუფლება. რა გიკვირთ? ეს პირველი შემთხვევაა? უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს სააკაშვილის ხელისუფლება არ ცდილობდა სიტუაციის არევას? მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და მაინც იანუკოვიჩი გახდა პრეზიდენტი!

თქვენ ახლა რასაც ამბობთ, ეს სერიოზული ბრალდებაა და, როგორ ფიქრობთ, თუ სააკაშვილის ხელისუფლება უწყობს ხელს რუსეთში საპროტესტო გამოსვლებს, ამაზე კრემლს მძაფრი რეაქცია არ ექნება?

– მერე რა, მძაფრი რეაქციები თუ ექნება? მე რუსეთის ხელისუფლებისგან ხელფასს არ ვიღებ და ამ ყველაფერს ვინმეს დავალებით კი არ ვლაპარაკობ, ვამბობ იმიტომ, რომ რუსი ხალხი მიყვარს და პირდაპირ ვაცხადებ, რომ ძალიან მიყვარს პუტინი. ამ კაცს უდიდეს პატივს ვცემ! ვთვლი, რომ პუტინი არის რუსეთის გადამრჩენელი! პუტინი თვალისჩინივით უფრთხილდება მართლმადიდებლობის დამცველისა და გადამრჩენის იმ ფუნქციას, რაც რუსეთს ბიზანტიის დაშლის შემდეგ აქვს აღებული! რუსეთი რომ არ იყოს, მართლმადიდებლობა დაიკარგება!

ამჟამად რუსეთში  არ ვიმყოფები და არ მაქვს საშუალება, ფიზიკურად დავუჭირო მხარი პუტინს, თორემ ამას სიამოვნებით გავაკეთებდი.

კი მაგრამ, ბატონო სანდრო, პუტინზე ისე ლაპარაკი, როგორც ახლა თქვენ ლაპარაკობთ, მითუმეტეს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული არ არის?

– რატომ არის არაკორექტული? ძალიანაც კორექტულია და თუ ქართველები მივეჩვევით სიმართლის თქმას აფხაზებთან, ოსებთან თუ რუსებთან მიმართებაში, ეს ჩვენთვის იქნება კარგი!

მილიონამდე ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ნურავინ ჩათვლის, რომ ამ ადამიანებზე მეტად ვინმეს უყვარს საქართველო!

მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს იდეა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსეთში შეიქმნას ქართული დიასპორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საარჩევნო შტაბი, რომელიც მხარს დაუჭერს პუტინს და გამოხატავს პოლიტიკურ ნებას, რომ პუტინი გახდეს რუსეთის პრეზიდენტი! ეს იქნება მესიჯი მსოფლიო საზოგადოებისათვის, რომ ქართველი ხალხი პუტინს მტრად არ მიიჩნევს და ასეთი ღია მხარდაჭერის სანაცვლოდ მისგან მოელის საპასუხო შედეგებს!

რა საპასუხო შედეგებს გულისხმობთ?

– ქართველი ხალხისა და პუტინის მეგობრობა ძალიან დიდ როლს ითამაშებს იმ პრობლემების გადაწყვეტაში, რომლებიც დღეს ქართულ სახელმწიფოს გააჩნია.

დიახ, ჩვენს სახელმწიფოს ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ამ პრობლემების გადასაჭრელად, ჯობს, პუტინთან ვიმეგობროთ, კაცთან, რომელსაც სიტყვა არასოდეს გაუტეხია და რომელიც კიდევ ერთხელ გახდება ჩვენი მეზობელი ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი!

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

www.asavali.ge