ზუგდიდი, 20 იანვარი, საქინფორმი. სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის – რევაზ ხულორდავას, საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2 მოწმე – ზურაბ წულუკიძე და რობერტ შალამბერიძე, დაკითხა. სხდომაზე მოსამართლე რომან ხორავამ დაცვის მხარის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურა რევაზ ხულორდავას დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობას ედავება. ხულორდავას მხარე კი აცხადებს, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს.
ზუგდიდის სასამართლოს მიერ პროცესზე დაკითხული მოწმე რობერტ შალამბერიძე იხსენებს, რომ ის და ხულორდავა დაჭრის დროს ხულორდავას დედის სახლში იმყოფებოდნენ და შემთხვევის ადგილიდან 2 საათის წასულები იყვნენ.ხულორდავას მეუღლემ – ლია ხორავამ, საქინფორმს განუცხადა, რომ მისი მეუღლე უდანაშაულოა და საქმეში რეალურად ვინმე თემურ ლუტიძე ფიგურირებს. სენაკელი ოპოზიციონერის ადვოკატებმა სასამართლოს ლუტიძის დაკითხვა სთხოვეს, თუმცა მოსამართლე რომან ხორავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის კიდევ ერთი შუამდგომლობა სასამართლო პროცესის აუდიოჩანაწერის გაკეთების თაობაზეც.
პროკურატურის მიერ საქმე მკვლელობის მცდელობისთვისაა აღძრული. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომდევნო სხდომა ზუგდიდის სასამართლოში მიმდინარე წლის 1 თებერვალს, 14:00 საათზე, გაიმართება.