თბილისი, 20 იანვარი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში “ საქართველო-თურქეთის ენერგეტიკული კონფერენცია იმართება.
კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი, თურქეთის საბანკო სექტორისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ, სავაჭრო და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა გახსნა. მონაწილეებს ალექსანდრე ხეთაგური და თანერ ილდიზი მიესალმნენ. შეხვედრის ფარგლებში პრეზენტაციებს სახელისუფლებო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მართავენ.ალექსანდრე ხეთაგური და ტანერ ილდიზი ბორჩხა-ახალციხის დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზით ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს და ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავენ.
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდირი საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით 19 იანვარს ჩამოვიდა.
ბორჩხა-ახალციხის დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტის ფარგლებში შენდება. პროექტით გათვალისწინებულია 500-კილოვოლტიანი და 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა, დამონტაჟდება 700 მეგავატი სიმძლავრის მუდმივი დენის ჩანართი და არსებულ ინფრასტრუქტურას ჩაუტარდება რეაბილიტაცია.
კავკასიაში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის ენერგოსისტემაში მუდმივი დენის ჩანართი დამონტაჟდება. ამ სისტემით მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები სარგებლობენ. მუდმივი დენის ჩანართი შესაძლებელს გახდის, საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია შეუფერხებლად და დანაკარგების გარეშე ექსპორტზე თურქეთსა და ევროპაში გავიდეს, რაც საქართველოს ელექტროენერგიის მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნად აქცევს.
განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულება 300 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტს საქართველოს მთავრობასთან ერთად, მსხვილი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აფინანსებენ.
შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტს სამი კომპანია ახორციელებს, რომლებიც ღია საერთაშორისო ტენდერით შეირჩა. ახალი ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში 2012 წლის მაისიდან შევა.