საზოგადოება
მათე ვაწაძის უიღბლო შეკრება
vawadzeთბილისი, 20 იანვარი, საქინფორმი. ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგის“ ქართველმა ფორვარდმა მათე ვაწაძემ ალბანეთის ჩემპიონის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი შეიქნა. ეს დაახლოებით მე-20 წუთზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ტრავმის სიმძიმე. ქართველი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უახლოეს დღეებში გაივლის და დადგინდება, თუ რამდენი ხნით ვერ დაუბრუნდება მოედანს.
ცნობისთვის, დმიტრი ჩერიშევის გუნდში 23 წლის ქართველი თავდამსხმელი მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ამ ადგილზე ჩვენებური სეზონის ბოლო შეხვედრაში გამოჩნდა. გადანაცვლების მიზეზი ისაა, რომ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ჩერიშევს კვალიფიციური კადრი არ ჰყავს, ვაწაძეს კი ენდო და შეტევის გამწვავება ფლანგიდან დაევალა. ალბანელების წინააღმდეგაც სწორედ მარჯვენა ნახევარმცველის ამპლუაში თამაშობდა ქართველი ფეხბურთელი. „რა თქმა უნდა, ძნელი სათამაშოა ფლანგზე, მაგრამ მწვრთნელმა მთხოვა, რომ ამ ადგილზე მეთამაშა, მაგრამ ახლა ტრავმა მივიღე. სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცი, როდის დავიწყებ ვარჯიშს, თუმცა იმედი მაქვს, რომ მეორე შეკრებაზე დავიტვირთები“, – ამბობს მათე.
მათე ვაწაძეს გიორგი მერებაშვილის „დინამოში“დაბრუნების შესახებაც ვკითხეთ. რუსეთში გადაბარგებული ფეხბურთელი თვლის, რომ მერებაშვილის დაბრუნება მის ყოფილ კლუბს გააძლიერებს: „გამიხარდა გიორგის დაბრუნება. ის ხალხს უყვარს. მან იცის, როგორ უნდა ითამაშოს „დინამოში“ და დაეხმაროს გუნდს. კარგად ითამაშებს, დარწმუნებული ვარ“.
„ვოლგა“ თურქეთში 7 იანვარს გაემგზავრა. მათესთან ერთად შეკრებაზე მხოლოდ ერთი ქართველი გია გრიგალავა იმყოფება. ქართველი თავდამსხმელისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ რატომ დატოვეს გუნდი სხვა თანამემამულეებმა.
მეორე შეკრებას ნიჟნინოვგოროდელები კვიპროსში გამართავენ, სადაც 25 იანვარს გაემგზავრებიან. არ არის გამორიცხული, რომ ვაწაძემ ბელეკში მიღებული ტრავმა საქართველოში მოიშუშოს, კვიპროსში კი გუნდს შეკრების დაწყების შემდეგ შეუერთდება.