თბილისი, 20 იანვარი, საქინფორმი. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა, „რუსეთზე რომ იყოს დამოკიდებული, საქართველოსთან ურთიერთობის მრავალი მიმართულებით განვითარებაში არანაირი წინააღმდეგობა არ იარსებებდა“.
„ჩვენ არაერთხელ განვმარტეთ მიზეზები, რომელთა გამოც მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი ურთიერთობა შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს მიზეზები ყველას ესმის და ამაზე დეტალურად აღარ შევჩერდები. ჩვენი კავშირების გაფართოებისადმი ინტერესის გამოვლინებას რთულ სიტუაციაშიც კი, როდესაც საქართველოს ინიციატივით 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, ყოველთვის კონსტრუქციული რეაქცია ხვდება“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, „ურთიერთობები მრავალი მიმართულებით ვითარდება და მათ არ სურთ, რაიმე სახის სირთულეები შექმნან ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობებში“.„ძალიან ბევრი კეთდება ჰუმანიტარულ სფეროში. კერძოდ, თეატრის მოღვაწეები, მსახიობები და რეჟისორები სტრუმრობენ ერთმანეთს, დგამენ სპექტაკლებს და თამაშობენ. ჩვენ ამას ყველანაირად ვუწყობთ ხელს. ყველაზე კონსტრუქციული რეაქციით ხვდებიან ჰუმანიტარულ შემთხვევებს, როდესაც საუბარია ნათესავების მონახულებაზე, ქორწილებზე. ვაჭრობის სფეროში აუცილებელია, უფრო აქტიურად დავკავდეთ პარტნიორების ძებნით, რათა ქართული პროდუქცია იყიდებოდეს რუსეთში, რუსული კი, შესაბამისად, საქართველოში. შეუძლებელი არაფერია“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის ნებისმიერი განცხადება მათ ჩიხში აქცევს.
„...მაგრამ როცა მან განაცხადა, გეორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ოკუპაციის პირველი შემთხვევა იყოო, ჯერ გამეცინა, მერე კი მივხვდი, რომ ამას, ალბათ, ასწავლიან ბავშვებს ქართულ სკოლებში. ეს საშინელებაა. არადა, საუბარია ერთობლივ ისტორიაზე. საშინელებაა, როცა ისტორიული ფაქტი – საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა, მეორე მხრივ კი, თავი დაიძვრინოს აგრესიული მეზობლებისგან – მიეწოდებათ რუსეთის ოკუპაციად. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ მეორე მსოფლიო ომის წინ“, – განაცხადა ლავროვმა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ „ქართველი ხალხი იხელმძღვანელებს მისი ძირეული ინტერესებიდან გამომდინარე და არ აჰყვება მცდელობებს, დაითესოს მტრობა ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის“.