სამართალი
ჯიოევა ცხინვალში საპროტესტო აქციის გამართვას კვლავ გეგმავს

allaთბილისი, 20 იანვარი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ალა ჯიოევამ, რომლის გამარჯვებაც არჩევნებში ბათილად იქნა გამოცხადებული, განაცხადა, რომ იგი პოსტსაარჩევნო შეთანხმებიდან გამოდის და სამხრეთ ოსეთის ლიდერის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და მისთვის ძალაუფლების გადაცემას ითხოვს.

ჯიოევას განცხადებით, მისი გადაწყვეტილება მოტივირებულია ხელისუფლების მიერ  პოსტსაარჩევნო შეთანხმების სრულად შეუსრულებლობით.

9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჯიოევამ ცხინვალში ორკვირიანი ქუჩის საპროტესტო აქციები შეწყვიტა და 2012 წლის მარტში დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა. სანაცვლოდ, ედუარდ კოკოითი, რომელიც სამხრეთ ოსეთს 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადადგა. განმეორებით არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი გახდა.

შეთანხმების მოთხოვნა იყო, ასევე, კოკოითის გუნდის ორი წარმომადგენლის – მთავარი პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, გადაყენება. თუმცა სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა ამ წინადადებას.

შეთანხმების გარანტორი რუსეთი იყო. კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი მთელი პოსტსაარჩევნო კრიზისის განმავლობაში ცხინვალში იმყოფებოდა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავდა.

დეკემბერში ჯიოევამ რუსეთს, როგორც შეთანხმების გარანტორს, შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, თუმცა მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის მოწოდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ პარლამენტზე გავლენის მოხდენა მის უფლებამოსილებას სცდებოდა.

„უნდა გაცნობოთ, რომ ამ მომენტიდან მე უკან ვიწვევ დოკუმენტზე ჩემს ხელმოწერას და მოვითხოვ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფას სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გადასაცემად“, – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ბროვცევის სახელზე ჯიოევას მიერ 17 იანვარს გაგზავნილ წერილობით მიმართვაზე დაყრდნობით.

ჯიოევა, ასევე, აცხადებს, რომ ბროვცევმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ 23 იანვრამდე უნდა აცნობოს.

„ამ შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის ხალხის მშვიდობისა და სიმშვიდის გამო მოვაწერე ხელი, თუმცა ჩვენ, როგორც ბავშვები, მოგვატყუეს, რადგანაც შეთანხმება არ შესრულდა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მთავარი პროკურორის გადაყენების ნაწილში, არამედ არ შესრულდა ზეპირი შეთანხმებებიც ჩვენი წარმომადგენლის – ანატოლი ბარანკევიჩის, მინისტრთა კაბინეტში შესვლის თაობაზე“, – განაცხადა ჯიოევამ.

როგორც ჯიოევამ  „რია ნოვოსტის“ განუცხადა18 იანვარს, გარიგებიდან გამოსვლის შემდეგ იგი 25 მარტს დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ოთხშაბათს ცალკე გაკეთებულ განცხადებაში ჯიოევამ სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, რომ იგი 21 იანვარს ცხინვალში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.