თბილისი, 20 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები „არა“ და „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს სიცრუეში ადანაშაულებენ. როგორც სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – იურისტმა ზურაბ დიასამიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის 17 იანვარს ნაციონალური არხების ეთერით გასული სიუჟეტები, რომლებიც პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად ხათუნა კალმახელიძის ქსნის ციხეში სტუმრობას აღწერდა, ცრუ ინფორმაციებს ეფუძნებოდა.
იურისტის ინფორმაციით, პატიმრებს ყოველდღიურად არათუ ხორციანი და გემრიელი საკვები მიეწოდებათ, როგორც ეს სიუჟეტებში იყო ნათქვამი, არამედ ციხის საკვებით პატიმრები იწამლებიან.„ქსნის ციხიდან კონკრეტული სახელებით და გვარებით პატიმრების წერილებს პერმანენტულად ვიღებთ, სადაც მძიმე მდგომარეობაზე, მათ შორის, საკვებთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზეა საუბარი. პატიმრები აღნიშნავენ, რომ ვადაგასულ პროდუქტს აჭმევენ, კერძებს ამზადებენ ინდური ძროხის, ე.წ. ზებუს ხორცისგან, რომელიც ვადაგასულია და წამლავს მათ. პატიმრები საუბრობენ ანტიჰიგიენაზეც – რომ პურში და სხვა საკვებ პროდუქტებში ხოჭოებსა და მწერებს პოულობენ, საკნებში კი თაგვები და ვირთხები დარბიან“, – აცხადებს დიასამიძე.
მოძრაობა „არას“ ლიდერ ლევან ჩიტაძის თქმით კი, პატიმრების ძლიერ ინტოქსიკაციას იწვევს ე.წ. კომბიჟირი, რომელიც სხვადასხვა საქონლის ცხიმის ნარევს წარმოადგენს. „საშინელი სპეციფიკური სუნით და გემოთი ხასიათდება, როდესაც ლპობას იწყებს. ამ ცხიმით ამზადებენ საჭმელებს, რომელსაც პატიმრები ვერ ჭამენ, და თუ ჭამენ, იწამლებიან“, – განაცხადა ჩიტაძემ.
ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, ციხეების მაღაზიებში ვადაგასული და გაფუჭებული პროდუქტი იყიდება, ხილსა და ბოსტნეულს პატიმრები რამდენიმე კილოგრამს ყიდულობენ, რომ საღი პროდუქტი გამოარჩიონ.