აქტუალური
ნიკა გილაური: „2011 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 6,8 პროცენტი შეადგინა“

gilaur1თბილისი, 19 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, 2011 წლის ეკონომიკურმა ზრდამ, პროგნოზირებული 6,5 პროცენტის ნაცვლად 6,8 პროცენტი შეადგინა. მან მთავრობის სხდომაზე გასული ეკონომიკური წლის წინასწარი შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, განსაკუთრებული ეკონომიკური აქტიურობით დეკემბერი გამოირჩეოდა.

გილაურის ინფორმაციით, კარგი მონაცემებია ექსპორტის ზრდის მაჩვენებლებშიც.

„ზედიზედ ორი წელია, ექსპორტი 39-39 პროცენტით იზრდება. რაც შეეხება იმპორტს, 2010 წელს ის – 17, ხოლო 2011 წელს 34 პროცენტი იყო“, – აღნიშნა ნიკა გილაურმა.

მან რამდენიმე პროდუქტიც დაასახელა, რომლებზეც 2011 წელს ზრდის მაჩვენებელი აღინიშნა. კერძოდ, მისი ინფორმაციით, გაორმაგებულია ავტომობილების, სასუქისა და თხილის ექსპორტის მონაცემები. რაც შეეხება იმპორტს, აქ სამშენებლო მასალებისა და კომპიუტერების იმპორტის მაჩვენებელია გაზრდილი.

„ეს დამაიმედებელია, რადგან საშენი მასალების იმპორტის ზრდა სამშენებლო სექტორის გამოსწორებასა და გაჯანსაღებაზე მეტყველებს“, – აღნიშნა ნიკა გილაურმა.