პუბლიკაციები
,,ევრაზიის არხი” და საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია

 რუსეთ-ყაზახეთის ერთობლივი პროექტი კასპიისა და აზოვის ზღვების დაკავშირების შესახებ განხილვის ახალ სტადიაში შევიდა. ამ პროექტმა, განხორციელების შემთხვევაში, შეიძლება საქართველოს ისედაც ეჭვქვეშ დამდგარი სატრანზიტო ფუნქცია დააკნინოს, მეტიც, რეგიონს მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ცვლილებები მოუტანოს.

უახლოეს დღეებში რუსულ-ყაზახური სამუშაო ჯგუფი ახალი სანაოსნო არხის პროექტს განიხილავს. გასულ წელს ,,ევრაზიის განვითარების ბანკმა” ამ პროექტის შემუშავებაზე 2,7 მილიონი დოლარი გამოყო. კვლევას რუსული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ,,ჰიდროპროექტი” ატარებდა, მას გრიფი ,,საიდუმლო” ედო და მედიას მის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდა. დღეისთვის ,,ჰიდროპროექტმა” მუშაობა პრაქტიკულად დაასრულა. სამუშაო კომისიას ორი წარმოდგენილი ვარიანტიდან საუკეთესოს არჩევა მოუწევს. საბოლოო გადაწყვეტილებას სამუშაოების დაწყების შესახებ რუსეთისა და ყაზახეთის პირველი პირები მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ არხის გაჭრის პროექტი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა. თუმცა მაშინ სამუშაოების ჩატარება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა, მანიჩის არხის გაჭრას, რომელიც აზოვის ზღვიდან კასპიის მიმართულებით კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარის გავლით მიემართებოდა, ხელი ომმა შეუშალა. ომის შემდეგ კი პრიორიტეტული ვოლგა-დონის არხი გახდა. სტალინის დროინდელი მასშტაბური პროექტის რეანიმაცია 2007 წელს მოხდა, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო ნაოსნობის შიდა გზების გაფართოების შესახებ, რომელიც ვლადიმერ პუტინმა გაახმიანა. კასპიის ზღვის შავ ზღვასთან ახალი არხით დაკავშირების იდეის აქტიური მხარდამჭერი ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულტან ნაზარბაევი გახდა.

პროექტზე მომუშავე ჯგუფში ვარაუდობენ, რომ ახალი არხის, ,,ევრაზიის” მეშვეობით ყაზახური ნავთობის გადაზიდვა შავი ზღვის პორტებამდე უფრო იაფი იქნება, ვიდრე კასპიის მილსადენის კონსორციუმისა და სამხრეთ-კავკასიური მილსადენების გამოყენებით. ყაზახური ნავთობით საქმე როდი შემოიფარგლება; კასპიის ზღვაზე გასასვლელი ირანს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს აქვს. საბოლოო ჯამში, ახალი არხი უზრუნველყოფს რეგიონში შეღწევას, სადაც ნავთობის მსოფლიო მარაგის 6-დან 10 პროცენტამდეა კონცენტრირებული. თუ მცირე (,,მდინარე-ზღვის” ტიპის) ტანკერები კასპიის ზღვის აუზიდან აზოვისა და, შესაბამისად, შავი ზღვების პორტებში პირდაპირ მოხვედრას შეძლებენ, სამხრეთ კავკასიაზე, საქართველოზე გამავალი სახმელეთო მარშრუტის გამოყენების მიზანშეწონილობა ნავთობის ექსპორტიორებისთვის ეჭვქვეშ დადგება. ამასთანავე, თუ ყაზახეთი და ჩინეთი მოახერხებენ კასპიის ზღვის სანაპირომდე ეფექტურად მოქმედი ტრანსკონტინენტური დერეფნის ამოქმედებას, ჩინური სამრეწველო ნაწარმის გზა ევროპელ მომხმარებლამდე მნიშვნელოვნად შემცირდება. ყაზახეთის სანაპირო ზოლიდან ის რეინ-მაინ-დუნაის სატრანსპორტო დერეფნის (მტკ-7) მეშვეობით პირდაპირ ევროპის შუაგულში მოხვდება, ხოლო ტრანსპორტირების დრო და მასთან დაკავშირებული ხარჯები, სავარაუდოდ, შემცირდება.

ამ პროეტის პერსპექტივების განხილვა არასწორი იქნებოდა სხვა სავარაუდო პროექტის პერსპექტივების გათვალისწინების გარეშე; ჯერ კიდევ 1962 წელს სსრკ და ირანი კასპიის ზღვასა და სპარსეთის ყურეს შორის არხის გაჭრის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა აშშ-ის ზეწოლით, შაჰმა ამ პროექტზე მუშაობა შეაჩერა. პროექტს ბოლო ათწლეულში დაუბრუნდნენ, საუბრია 1400-კილომეტრიან არხზე, თუმცა სამუშაოები მხოლოდ 500-კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა ჩატარდეს. ერძოდ, ერთმანეთს ორი მდინარე - კერხე და კიზილუზენი უნდა დაუკავშირდეს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიარდ დოლარს არ აღემატება; მასზე რუსეთისა და ირანის ტრანსპორტის სამინისტროები ერთობლივად მუშაობენ. ამ პროექტის განხორციელება საზღვაო გადაზიდვების გლობალურ სისტემაში ძირეულ ცვლილებებს მოასწავებს, პროექტ ,,ევრაზიასთან” ერთად ის გეოპოლიტიკური ხასიათის ცვლილებებს მოიტანს. თუ სპარსეთის ყურის რეგიონიდან კასპიის ზღვისა და რუსეთის გავლით ენერგომატარებლების გატანის ალტერნატიული, ეკონომიკურად მომგებიანი მარშრუტი გაჩნდება, ეს ძალზე სერიოზული დარტყმა იქნება იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთა კეთილდღეობა საზღვაო ძლიერებასა და საზღვაო გადაზიდვების გლობალური სისტემის კონტროლს ეფუძნება, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

თუმცა აღწერილი პროექტებიდან თუნდაც ერთის, ,,ევრაზიის არხის” განხორციელება საქართველოსთვის მისი სატრანზიტო ფუნქციის დაკნინებას მოასწავებს, ის შეიძლება ერთგვარად ,,განზე დარჩეს”, რაც მის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე და, შესაბამისად, მის მიმართ დასავლეთის ქვეყნების ინტერესზე უდავოდ აისახება.