აქტუალური
ავღანეთში სამსახური ქართველი სამხედროებისთვის სავალდებულო ხდება?!

avganetshi-sulaთბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში (ISAF – საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საქართველო ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. პირველად 2004 წელს „ISAF“-ის ოპერაციაში 50 ქართველი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, სადაც მათი ამოცანა ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2007 წლის ნოემბრიდან გჰორის პროვინციის ქალაქ ჩაგჩარანში ქართველი ექიმები ლიტვის რესპუბლიკის კონტინგენტის პროვინციის რეკონსტრუქციის ჯგუფის შემადგენლობაში ასრულებენ სამშვიდობო მისიას 6-თვიანი როტაციით. 2009 წლის ნოემბრიდან კი პირველმა ქართულმა სამშვიდობო ასეულმა დაიწყო მისიის შესრულება ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში ქალაქ ქაბულში, რეგიონული სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე „ვორჰაუზის“ ბაზაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. როტაციის პრინციპის შესაბამისად, ყოველ 6 თვეში ახალი ასეული ერთვება მისიაში.

„ISAF“-ში მონაწილეობის მნიშვნელობაზე თითქმის ყოველდღიურად ისმის ტელეეკრანებიდან ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და სწორედ მათგან ვიგებთ, რომ მისიაში ქართული კონტინგენტი ნელ-ნელა იზრდება. განსხვავებით ხელისუფლებისგან, ექსპერტთა და, ასევე, ოპოზიციის გარკვეულმა ნაწილმა არაერთხელ ისაუბრა „ISAF“-ის ოპერაციაში ქართველი სამხედროების შემცირების აუცილებლობაზე, მიზეზად კი სამხედროების სიკვდილიანობა დასახელდა, თუმცა უშედეგოდ.

ყველასთვის ცნობილია ისიც, რომ საქართველომ ორი წლის განმავლობაში ავღანეთში ათზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. გარდა ამისა, დაიჭრა ოპერაციაში ჩართული რამდენიმე ათეული ჯარისკაციც, რამაც ავღანეთში წასვლის მსურველთა რიცხვის შემცირება გამოიწვია.

საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო ბევრმა სამხედრომ ავღანეთში წასვლაზე უარი თქვა. საქინფორმის წყარო, რომელიც საკმაოდ დაახლოებულია თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტით მომუშავე სამხედროებთან, გვიყვება, რომ „ISAF“-ის ოპერაციაში მონაწილეობის მსურველთა რიცხვის შემცირების გამო ხელისუფლებას ახალი იდეა დაებადა – ავღანეთში წასვლა კონტრაქტით მომუშავე სამხედროებისთვის სავალდებულო ხდება!

„სიკვდილიანობის გამო ავღანეთში წასვლის მსურველი სამხედროების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მაშინ, როცა თავის დროზე ლამის ჩაწყობითაც ხდებოდა მათი გაწვევა ოპერაციაში, ახლა ამის გაგონება აღარავის უნდა. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ამ საკითხის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ ახალი მეთოდი მოიფიქრა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ოპერაციაში მონაწილეობა სავალდებულო ხდება კონტრაქტით მომუშავე სამხედროებისთვის, ხოლო ვინც უარს იტყვის, 28 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ეს ყველაფერი თავდაცვის მინისტრის ბრძანებულებაში აისახება და რომც არ აისახოს, ბაჩო ახალაიასთვის პრობლემას არ წარმოადგენს სამხედროების შანტაჟირება და მათთვის საქმის გაფუჭება. გარდა ამისა, თავად კონტრაქტზე უარის თქმაც 28 ათასი ლარით დაჯარიმებას იწვევს. მოკლედ, ვინც ავღანეთში არ წავა, ფაქტობრივად, საქმე გაუფუჭდება და სხვა ყველაფერთან ერთად, მომავალში სამსახურის შოვნაზეც შეექმნება პრობლემები“, – აცხადებს წყარო.

გარდა ამისა, აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც 18 წლის ასაკს მიღწეულ წვევამდელ, გამოუცდელ ახალგაზრდებს ეხება. კერძოდ, მიმდინარე წლის 16 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თავდაცვის სამინისტრო იწვევს მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში და სთავაზობს საკონტრაქტო პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლას. სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ მაღალ ანაზღაურებას, უზრუნველყოფილი იქნებიან თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. საკონტრაქტო სამსახურის გავლა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე, წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან“.

ეს მეტად „მომხიბვლელი“ შეთავაზება შესაძლოა, ბევრი ახალგაზრდისთვის გახდეს მიმზიდველი და იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელები საკონტრაქტო სამსახურში წავლენ, მინისტრ ახალაიას ბრძანების გამოცემის შემდეგ ისინიც გახდებიან ვალდებულნი, მიიღონ მონაწილეობა „ISAF“-ის ოპერაციაში, რაც, თავისთავად, გამოუცდელი ახალგაზრდისთვის საფრთხის შემცველია. ალბათ, თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში სამსახურისთვის პრიორიტეტს გამოცდილ სამხედროებს ანიჭებს, თუმცა რისკი მაინც რისკად რჩება, რაოდენ მცირეც უნდა იყოს ის.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად და კომენტირებისთვის საქინფორმი თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროს სალომე მახარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ „ISAF“-ის ოპერაციაში მონაწილეობა სავალდებულო არ გახდება. „ეს სოფელი კი არ არის, საერთაშორისო მასშტაბის ოპერაციაა. ვინ გითხრათ ეს სისულელე? მსგავსი რამ არ იგეგმება. ყველაფერს თავისი წესი აქვს“, – აღნიშნა მახარაძემ.

 

ლევან სულაშვილი
საქინფორმი