სამართალი
თბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. გასამხედროებული ფორმირება "მხედრიონის" ყოფილი მეთაურის, 1990-იანი წლების დასაწყისის საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნების ჯაბა იოსელიანის საფლავის გათხრას მისი საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ცდილობდა 1998 წლიდან გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე მიხეილ ჯაფარიძე.
ქართული მასმედიით დღეს გავრცელებულ წერილობით და ვიდეომიმართვაში ჯაფარიძე ამტკიცებს, რომ "ეს იყო არა ვანდალური აქტი, არამედ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, რაც ემყარებოდა საქართველოს უამრავი მოქალაქის რწმენას იმის შესახებ, რომ 90-იან წლებში გაჩაღებული ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორის საფლავი არ უნდა იყოს საზოგადო მოღვაწეთა არცერთ საქართველოში დღეს არსებულ პანთეონში". "აქციის მიზანი გახლდათ არა საფლავის გათხრა ან ცხედრის ამოთხრა, არამედ საზოგადოებაში პროტესტის მუხტის გაღვივება ჯაბა იოსელიანის საფლავის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით", - აცხადებს ჯაფარიძე. თავის მიმართვაში ის აღნიშნავს: "მე მზად ვარ მივცე ჩვენება საქართველოს სამართლადამცავ ორგანოებს, მივაწოდო დაწვრილებითი ინფორმაცია და დეტალები, და თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღმკვეთ ან სხვა სახის ღონისძიებებს ჯაბა იოსელიანის საფლავთან პოლიტიკური აქციის ჩატარების გამო, მაშინ მე მზად ვარ პასუხი ვაგო საქართველოს კანონმდებლობის წინაშე".