თბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. მედიაექსპერტ ია ანთაძის შეფასებით, „თუ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზია გადაწყვეტს, პროპაგანდას პროპაგანდის ნაცვლად სიმართლე დაუპირისპიროს, იგი პოპულარული იქნება“.
როგორც ანთაძემ გაზეთ „პრაიმ თაიმის“ პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, „პოლიტიკურ ცენტრს საინფორმაციო უზრუნველყოფა აუცილებლად სჭირდება, ამიტომ მისთვის სრულიად გასაგები იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი რესურსის ამ მიმართულებით გამოყენებას შეეცდებოდა“.„ივანიშვილი ხსნის ტელევიზიას, რომელიც ღიად მისი მეუღლის მიერ მართულია. საზოგადოებამ წინასწარ იცის, რა ტიპის ტელევიზიაა ეს და დანარჩენს შევხედავთ. მე რომ შემომთავაზონ ამ ტელევიზიაში მუშაობა, არ ვიმუშავებ, რადგან მინდა, ნდობა საზოგადოების ყველა სეგმენტისგან მქონდეს. ამ ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ საზოგადოების ნდობა გარკვეულ სეგმენტში დაბალი იქნება. მაგრამ, ვფიქრობ, იქ ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი იმუშავებს. რა პირობები ექნებათ და შეძლებენ თუ არა, სტანდარტი დაიცვან, არ ვიცით. თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, პროპაგანდას პროპაგანდა დაუპირისპიროს, ეს აბსოლუტურად არასწორი იქნება. ოპოზიციას სიმართლის გარდა არაფერი სჭირდება. თუ იგი გადაწყვეტს, პროპაგანდას სიმართლე დაუპირისპიროს, თუნდაც პარტიული ტელევიზიიდან, მაშინ ეს ტელევიზია პოპულარული იქნება“, – განაცხადა ანთაძემ.
მისივე თქმით, „პრობლემა არ იქნებოდა იმაში, თუ ვინ მართავს ტელევიზიას, ეს მის შინაარსზე რომ არ აისახებოდეს“.