აქტუალური
რა ხდება „საქართველოს რკინიგზაში“?

rkinigza-sulaთბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. მიმდინარე წლის 9 იანვარს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ 2011 წლის შედეგები შეაჯამა და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა. როგორც თავად აღნიშნა, 2011 წელი შპს „საქართველოს რკინიგზისათვის“ ძალზე წარმატებული წელი იყო როგორც შემოსავლების ზრდის, ისე ეფექტიანობის მხრივ.

მისი თქმით, კომპანიის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, 2012 წელს განხორციელდება ახალი პროექტი – რანგირება. აღნიშნული პროექტი გულისხმობს კომპანიაში ხელფასების განაკვეთების შესაბამისობაში მოყვანას მსგავსი შინაარსისა და კვალიფიკაციის თანამდებობისათვის და ითვალისწინებს ხელფასების მნიშვნელოვან ზრდასაც ტექნიკური მიმართულების თანამშრომლებისათვის.

რანგირება 2012 წლის ბოლოსთვის დასრულდება. მანამდე კი პროექტის მიღებული და მისაღები შედეგები ასეთია: 2011 წელს რკინიგზაში საშუალო ხელფასები 10%-ით გაიზარდა 2010 წელთან შედარებით და 645 ლარი შეადგინა, ხოლო 2012-ის ბოლოს შეადგენს 750 ლარს. 2012 წელს მემანქანის ხელფასი არსებული 1000 ლარიდან 1250 ლარამდე გაიზრდება, დისპეტჩერის ხელფასი 900 ლარიდან – 1500 ლარამდე, სალიანდაგოს ოსტატს ხელფასი არსებული 830 ლარიდან 1250 ლარამდე გაეზრდება.

ხელფასების ზრდა, რაღა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია, თუმცა, საქინფორმისთვის ერთი, მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რკინიგზის თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან გათავისუფლების ხარჯზე მოხდა და ეზუგბაიას მიერ გახმიანებული სიახლე სულაც არ არის ისეთი სრულყოფილი და სასიხარულო, როგორიც აქამდე ჩანდა.

„საქართველოს რკინიგზის“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც გათავისუფლებას მოცემულ ეტაპზე გადაურჩა, საქინფორმს უამბო, რომ რკინიგზაში ხელფასების მომატება თანამშრომელთა არცთუ მცირე ნაწილის გათავისუფლების ხარჯზე მოხდა. „ხელფასების მომატებას რა სჯობია, მაგრამ ძალიან ბევრი თანამშრომელი გაუშვეს. მეც ძლივს გადავრჩი. იმ ხალხმა რა უნდა ქნას და რით იცხოვროს, არ იცის. ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ აქ და საკმაოდ დიდი წვლილი აქვთ რკინიგზის განვითარებაში შეტანილი“, – განმარტავს წყარო, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე საქინფორმი „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. გოგონამ, რომელმაც თავდაპირველად გვიპასუხა, სხვა საკონტაქტო ტელეფონზე გადაგვამისამართა, სადაც საქინფორმის ზარებს არ უპასუხეს. იმავე ნომერზე დარეკვისას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირება მოვითხოვეთ, რაზეც ოპერატორმა გვიპასუხა, რომ პრესსამსხურის ხელმძღვანელი სხვა ოფისში ზის და მისი კოორდინატები არ აქვს. შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელთა არაკომპეტენტურობის გამო, ინფორმაციის გადამოწმება, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ.