დედოფლისწყაროში საკრებულოს მიერ სხდომების საიდუმლოდ ჩატარებას აპროტესტებენ
თბილისი, 18 იანვარი,
საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი
საქინფორმს ატყობინებს, დედოფლისწყაროს საკრებულომ ბოლო თვეებში საკრებულოს სხდომები ისე ჩაატარა, რომ ამის შესახებ თვითმმართველობის ჟურნალისტებმაც კი არ იცოდნენ და, შესაბამისად, არც ესწრებოდნენ. ბიუჯეტის მიღება უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ჩართულობის და მისი პრობლემების გათვალისწინებით. თვითმმართველობის საიტზე და ადგილობრივ ერთადერთ ბეჭდურ გაზეთში ადრე სამი დღით ადრე იწერებოდა საკრებულოს სხდომის ჩატარების თარიღი, რაც ბოლო ორი სხდომის დროს არ მომხდარა. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცების სხდომა ხალხისგან მალულად ჩაატარეს. საკრებულოს მამამთავარი, ბუჯეტის თანხების განმკარგავი ლევან ბაღაშვილი და მისი მოადგილეები აცხადებენ, რომ ხალხის აზრი ოქმებით და ხელმოწერებით აქვთ დაფიქსირებული. ისინი ამბობენ, რომ რაც მოსახლეობას აწუხებს, ის პრობლემები აისახა ბიუჯეტში. ეს კი მათი მორიგი სიცრუეა. სოფელ არბოშიკის, ოზაანის, თავწყაროს, ზემო ქედის, არხილოსკალოს, საბათლოს მოსახლეობა აცხადებს, რომ სოფლის პრიორიტეტებს მათ არავინ ეკითხება. „მათ ჰყავთ თავიანთი გუნდი სოფლებში, მათ აწერინებენ ხელს ოქმებზე“, – აცხადებს სოფელ ზემო ქედის მკვიდრი ნანა პავლიაშვილი.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს აღნიშნულ ფაქტს და მოუწოდებს საკრებულოს თავმჯდომარეს, შეხვდეს სოფლების მცხოვრებთ, მიიღოს მათგან ინფორმაცია მათი პრობლემების შესახებ და გაითვალისწინოს ბიუჯეტის მიღების დროს.