საზოგადოება
Eurasianet.org ლაზიკას შესახებ სტატიას აქვეყნებს

lazika-tabთბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. Eurasianet.org ქალაქ ლაზიკას მშენებლობის ინიციატივის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის ავტორი მოლო კორსო დასძენს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯის გამყარებას სხვადასხვა ინოვაციური არქიტექტურის მეშვეობით „თავდადებით ცდილობს“.

„საჯარო პროექტების დაგეგმვისას საჯარო დისკუსიების ნაკლებობაა და, რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია, დანახარჯებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტიცაა. ერთ-ერთი პროექტი, რომლის მიზანიც შავი ზღვის სანაპიროზე ქალაქ ლაზიკას ჩამოყალიბებაა, ხაზს უსვამს საქართველოში მიმდინარე საჯარო მშენებლობების ტრანსპარენტულობის საკითხს“, – აღნიშნულია სტატიაში.

მოლო კორსოს ინფორმაციით, ლაზიკას მშენებლობა მთლიანად, სავარაუდოდ, 900 მილიონი ლარი დაჯდება, მაგრამ, გარდა ამისა, ცოტა რამაა ცნობილი, მაგალითად, ის, თუ რამდენი დაიხარჯება მშენებლობაზე გადამხდელთა გადასახადებიდან, არ გავრცელებულა არც ოფიციალური პროექტი, არც დაფინანსების დეტალები.

„რამდენიმე ფინანსური გათვლა ამოტივტივდა ადგილობრივ მედიაში. ამ ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ლაზიკას მშენებლობაზე დახარჯავს დაახლოებით 200 მილიონ ლარს ($120 მილიონი), ხოლო დანარჩენ $423 მილიონს ან, დაახლოებით, ამდენს, გადაიხდიან ინვესტორები, რომლებიც არ დასახელებულან“, – წერს Eurasianet.org.

სტატიის მიხედვით, ლაზიკას სავარაუდო ღირებულება არ შეეხება საქართველოს 6.8-მილიარდიან ბიუჯეტს ($4.1 მილიარდი), მაგრამ ის მთავრობის პრიორიტეტების გარშემო აჩენს „უხერხულ კითხვებს“: ლაზიკა სახელმწიფოს 66 %-ით მეტი დაუჯდება 2012 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე (119 მილიონი ლარი) – ეკონომიკის ის დარგი, რომელზეც მესამე კვარტალში ქვეყნის მშპ-ის 9.3 პროცენტი მოდის. სოფლის მეურნეობა, აგრეთვე, დასაქმების მთავარი სექტორია საქართველოში.

„იმ დროს, როცა სააკაშვილი ლაზიკას რეგიონში ტურიზმისა და ინდუსტრიის გაზრდის საშუალებად აცხადებს, ოპონენტები მას, როგორც უადგილო პრიორიტეტს, გმობენ, რადგან ქვეყანაში უმუშევრობა და სიღარიბე მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 15.5% უმუშევარია, რაც თითქმის 3%-ით მეტია, ვიდრე 2004 წლამდე იყო, ანუ მანამდე, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა.

სამეგრელოში, რეგიონში, რომელმაც ლაზიკას უნდა უმასპინძლოს, ოდესღაც რუსეთთან ვაჭრობაზე დამოკიდებული პატარა მეურნეობები დაცემისკენ მიდის, რადგან 2006 წელს რუსეთმა ბევრ ქართულ პროდუქტზე ეკონომიკური ემბარგო დააწესა. იმ მიხვეულ-მოხვეული გზის გასწვრივ, რომელსაც პროექტის ადგილსამყოფელისკენ მივყავართ, ცოტაა ნიშანი იმისა, რომ საკურორტო ქალაქმა ანაკლიამ, სააკაშვილის საყვარელმა პროექტმა (გადმოცემით ეს პროექტი $60 მილიონი ღირს) ადგილობრივ მცხოვრებთ კეთილდღეობა მოუტანა“, – აღნიშნულია სტატიაში.