პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „რუსები ჩვენთან მთავარ – იდეოლოგიურ ბრძოლას აგებენ“

brzola-mishaთბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. ეს განცხადება სააკაშვილმა მარტვილში ახალი საავადმყოფოს გახსნის შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა.

„ნახეთ, როგორ ვითარდება სამეგრელო. ზემოდან რომ გადაუფრენ სამეგრელოს, კარგად ჩანს, რომ აქაურობა ჰოლანდიაზე უკეთ არის დახაზული, როცა ადრე მხოლოდ ბუჩქნარი იყო. ფოთში დღეს ხშირ შემთხვევაში დასასაქმებელი ადამიანის დეფიციტია. იქ კავკასიაში ყველაზე თანამედროვე აეროპორტი შენდება. ანაკლიის გაგრძელებაზე ლაზიკას მშენებლობას ვიწყებთ. რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, იძახიან: ოჰ, წაიღო თავი თავისი ტრაბახითო, მაგრამ ვისაც გვჯერა, გაგვატარონ! ლაზიკა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის. შავიზღვისპირეთში არის რამდენიმე ათეული კილომეტრი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია და ის სამეგრელოს, თითოეული ოჯახისა და მთელი საქართველოს საკეთილდღეოდ უნდა ავამუშაოთ. ესაა ის, რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად აღიზიანებს. მან ჩვენი ტერიტორიის ძალიან ძვირფასი ნაწილი დროებით დაიკავა, მაგრამ მთავარ რაღაცას ვერ აკეთებს. აგერ, სახლის კართან მიზის და ტანკის ლულა აქვს შემოყოფილი, მაგრამ იმას ვერ ახერხებს, რომ თავის დედაქალაქში რომ ხალხი გამოდის, არ გაჰკიოდეს, ისეთი ცხოვრება მინდა, როგორც საქართველოშიო. თუ თავის ხალხსაც კრემლიდან 2 კილომეტრში ისეთი ცხოვრება უნდა, როგორც საქართველოში, რანაირად უნდა დააჯერონ ადამიანები სოხუმში?! ისინი ჩვენთან მთავარ ბრძოლას აგებენ – იდეოლოგიურ ბრძოლას. ჩვენ ნავთობი და გაზი არ გვაქვს, მაგრამ ვაშენებთ ქალაქებს, რომლებსაც ისინი ვერ აშენებენ. ჩვენ იდეების, განათლების, კულტურის ძალა გვაქვს და, ბოლოს და ბოლოს, კოლხების შთამომავლები ვართ. სხვა თუ არაფერი, შეუძლებელია, რომ ასეთ ადგილას ძლიერი ცივილიზაცია ხელახლა არ აღმოცენდეს, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, – საქართველოს ვერავინ დააბრუნებს იმ წარსულში, როცა ხელი ჰქონდა გაშვერილი“.