საზოგადოება
დავით გამყრელიძე: „ახალი საავადმყოფოები მუზეუმების ფუნქციას ასრულებს“

gamyreldze-nachyebiaზუგდიდი, 17 იანვარი, საქინფორმი. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერ დავით გამყრელიძის განცხადებით, ახლად გახსნილი საავადმყოფოები მოსახლეობის უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არ არის და ის მუზეუმის ფუნქციას ასრულებს. „სააკაშვილი თითქმის ყოველდღე ხსნის ახალ საავადმყოფოებს, რაც ნამდვილად კარგია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობის უმეტესობისთვის ეს საავადმყოფოები უფრო მუზეუმების და სანახაობების ფუნქციას ასრულებს, ვიდრე დაწესებულების, სადაც მკურნალობა უნდა გაიარონ“, – განაცხადა ზუგდიდში გამართულ პრესკონფერენციაზე გამყრელიძემ.

მისივე თქმით, პარტიის წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ და მისმა გუნდმა კარგად იცის, თუ რა სოციალური მდგომარეობაა საზოგადოებაში. „თუ გვინდა, მართლაც დავძლიოთ ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემა, მაშინ აუცილებელია, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ ის პოლისი, რაც აქვთ უმწეოებს. ამ ხალხს დღეს ძალიან უჭირს“, – აღნიშნა არასაპარლამენტო ოპოზიციონერმა ლიდერმა.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი  ლიდერის – მანანა ნაჭყებიას, თქმით კი, მოსახლეობისთვის ჯანდაცვის პოლისების გაცემა სახელმწიფოს 160 მლნ ლარი დაუჯდება. „ეს თანხა არის, დაახლოებით, 2-3 ხიდის ან ამდენივე ძეგლის გახსნაზე უარის თქმა. რა თქმა უნდა, კარგია ქვეყნის კეთილმოწყობა, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს უფრო აუცილებელია“, – აღნიშნა მანანა ნაჭყებიამ და დასძინა, რომ „8-მილიარდიან ბიუჯეტს ამ თანხის გაღება არ უნდა უჭირდეს“.

ამასთან, „ახლები“ მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ მათი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო პოლისები დაურიგონ.