აქტუალური
საგარეო უწყება რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით

sagareo-saminთბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2011 წლის დეკემბერში, მოსკოვში აკრედიტებულ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრის დროს, რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროს ნ.მაკაროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:

„ნ.მაკაროვმა განაცხადა, რომ 2012 წლის სექტემბერში დაგეგმილია სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „კავკასია 2012“-ის ჩატარება. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროების თანახმად, წინა წლებისაგან განსხვავებით „სწავლებები ჩატარდება არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში, არამედ სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“. წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყველა სახეობის ძალები, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) საგანგებო ვითარებათა სამინისტროსა (МЧС) და დაცვის ფედერალური სამსახურის ძალები (ФСО) და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. დაგეგმილია დაზვერვისა და კავშირის ყველა სახეობის საშუალებების – ელექტრონული, კოსმოსური, აგრეთვე, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება.

რუსეთი მიზანმიმართულად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამალებულ მილიტარიზაციას, ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და შემოჰყავს შეტევითი ხასიათის შეიარაღება, ცდილობს რა პერმანენტული დაძაბულობის პროვოცირებას საქართველოში და მთლიანად შავი ზღვის რეგიონში.

საერთაშორისო თანამეგობრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმ ფაქტს, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა. იგი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, მათ შორის, სამხედრო ძალის დემონსტრირებას და პროვოკაციებს.

რუსეთი წარმოადგენს დესტაბილიზაციისა და ნეგატიური მოვლენების წყაროს საერთაშორისო არენაზე“.