თბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის მხრიდან „ქართუს“ შემოწმების პროცესს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„შემოწმების შემოსვლის დღიდან ისინი, ფაქტობრივად, არაფერს არ სწავლობენ, არაფერს არ ამოწმებენ. მიმდინარე ოპერაციების წინასწარი კონტროლის რეჟიმში მუშაობენ, რაც არ ეტევა საერთოდ შემოწმების ტერმინის არსშიც და არანაირი საკანონმდებლო საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა პრესკონფერენციაზე.
მისი პროგნოზით, შემოწმების პროცესი, მინიმუმ, არჩევნებამდე გაგრძელდება, თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან არ იქნება ზეწოლა ან სასამართლოზე არ მოვიგებთ.ეროვნულ ბანკში ადასტურებენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის – ბიძინა ივანიშვილის, კუთვნილი ბანკის შემოწმება კვლავაც მიმდინარეობს, თუმცა როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი, ზუსტად ვერ ამბობენ.
მესამე თვე შესრულდება 19 იანვარს ეროვნული ბანკის მიერ შემოწმების პროცესის დაწყებიდან, რის ოფიციალურ მიზეზადაც „ბანკ ქართუში“ მენეჯმენტის ცვლილება და ბანკის კუთვნილი ნაღდი ფულის დაყადაღება დასახელდა. 2 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო პოლიციის მიერ თბილისის ცენტრში ჩატარებული ოპერაციის შედეგად ბანკის საინკასაციო მანქანიდან 18 ოქტომბერს იქნა ამოღებული, მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადებიდან, დაახლოებით, ორ კვირაში. ბანკ „ქართუს“ კუთვნილი თანხა გასულ კვირას დაუბრუნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ეს ქმედება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირდებოდა. ხელისუფლების თქმით, ბანკი „ქართუს“ მიერ დიდი რაოდენობის ნაღდი ფულის გამოყენებით განხორციელებული ტრანსაქცია საეჭვო იყო და სტანდარტული პროცედურების დარღვევით განხორციელდა. ეს ბრალდებები ბანკმა „ქართუმ“ კატეგორიულად უარყო, ხოლო თანხის ჩამორთმევა პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად შეაფასა.