აქტუალური
მეთოდოლოგიური სიახლეები სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების კვლევაში

saqstatiiiთბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატყობინებს, 2012 წლის სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების კვლევის მომზადების პროცესში საქსტატმა რიგი მეთოდოლოგიური სიახლეები გამოიყენა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და შვედეთის სტატისტიკის ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე.

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის გაანგარიშება 1997 წლიდან დაიწყო. ინდექსის მთავარი მიზანია ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ცვლილების ასახვა. ფასების ყოველთვიური რეგისტრაცია ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამრეწველო დარგები წარმოდგენილია ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის (NACE) საფუძველზე. კვლევის შერჩევაში მონაწილეობენ მსხვილი, საშუალო და მცირე საწარმოები.

2012 წელს გამოყენებული სიახლეები შეეხება საწარმოთა შერჩევის პრინციპებს და ინდექსის წონების გაანგარიშების მეთოდებს.

საწარმოთა შერჩევა პირველად განხორციელდა წარმოებული პროდუქციის მოცულობების მიხედვით, მთლიანი გამოშვების მოცულობის ნაცვლად. აღნიშნული მეთოდის გამოყენება შესაძლებელი გახდა ბიზნესსტატისტიკის მონაცემების სრულყოფის შედეგად, რაც მწარმოებელთა ფასების ინდექსის სიზუსტეს გაზრდის.

შეიცვალა საწარმოთა საქმიანობის დარგის წონების გაანგარიშების მეთოდიც: განახლებული ინდექსის გაანგარიშებისთვის გამოყენებული იქნება ეროვნულ ანგარიშთა სისტემის 2010 წლის მონაცემები. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, შეიცვალა სამრეწველო პროდუქციის ფასებზე დაკვირვების კითხვარი.

წონების განახლება განხორციელდება სატვირთო გადაზიდვებზე და მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსების გაანგარიშებისთვისაც.

განახლებული ინდექსები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 15 მარტს.