ირაკლი ალასანია: „სააკაშვილის მსგავსად, ხალხს ძველებად და ახლებად არ ვყოფ“
თბილისი, 17 იანვარი,
საქინფორმი. ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა სტუდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ დასაქმებული ოთარ ხუფენიას შესახებ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მთავრობაში სოციალურ საკითხებზე მუშაობდა.
„ხუფენიაკვალიფიციური სპეციალისტია. სასაცილოდაც არ მყოფნის, როდესაც სააკაშვილი, რომელიც შევარდნაძის დროს იყო მინისტრი და მთელი მინისტრთა კაბინეტი, პრაქტიკულად, შევარდნაძის დროინდელი კადრებით არის დაკომპლექტებული, ლაპარაკობს ასეთ წარსულზე. ბატონი ხუფენია არის კარგი, კვალიფიციური სპეციალისტი. ჩვენი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ყველასაც, ვისაც შეუძლია, წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობაში, ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. მე, სააკაშვილის მსგავსად, ხალხს ძველებად და ახლებად, ჩემიანებად და სხვისიანებად არ ვყოფ. ეს არის სააკაშვილის მოდელი, რომელსაც ამ არჩევნებში დავამარცხებთ“, – განაცხადა ალასანიამ.