პოლიტიკა
ამონარიდები ვლადიმერ პუტინის პროგრამიდან 2012-2018 წლებისთვის

1putini-polit-ucxთბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. საქინფორმის მკითხველს წარვუდგენთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატ ვლადიმერ პუტინის 2012-2018 წლების პროგრამის პროექტს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ ვლადიმერ პუტინის საიტზე „Владимир Путин 2012“ (http://www.putin2012.ru/) გამოქვეყნდა. საიტის მიხედვით, „აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს წინასაარჩევნო პროგრამის პროექტს, რომელიც რუსეთის პოლიტიკური პარტია „ედინაია როსიას“ XII ყრილობაზე ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისას დამტკიცდა. ამჟამად პროექტს კანდიდატი ამუშავებს საიტზე შემოსულ მოქალაქეთა წინადადებების გათვალისწინებით. წინასაარჩევნო პროგრამის საბოლოო ვერსია კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გამოქვეყნდება“.

1. ათწლეულის შედეგები და სამომავლო გამოწვევები

პროგრამაში აღნიშნულია, რომ უკანასკნელ ათწლეულში რუსეთში მოქალაქეთა შემოსავალი გაიზარდა 2,5-ჯერ, ორჯერ შემცირდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რაოდენობა, მნიშვნელოვნად გაიზარდა პენსიები და ხელფასები, უმუშევრობის დონე 35%-ით შემცირდა, ინფლაცია – 3-ჯერ და 2000 წლის 20%-იანი მაჩვენებლიდან წელს 7%-ზე ჩამოვიდა. 2010 წელს რუსეთში 40%-ით მეტი ბავშვი დაიბადა, ვიდრე 2000 წელს, მცირდება სიკვდილიანობა.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდში რუსეთმა გაზარდა მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა.

გამყარდა რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა, გაიზარდა მისი გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. არმია ძლიერდება, რუსეთი შევიდა დინამიკურად განვითარებადი ქვეყნების „კლუბში“. 1990-იან წლებში ნახევრად დანგრეული სახალხო მეურნეობიდან რუსეთმა მსოფლიოს მეექვსე ეკონომიკის ადგილი დაიკავა.

მომავალი ათწლეულის უმთავრეს ამოცანათა შორისაა რუსულ ეკონომიკაში შრომის წარმადობის გაორმაგება. რუსეთი იქცევა ქვეყნად, სადაც ცხოვრება და მუშაობა, ბავშვების გაზრდა კომფორტული იქნება; ქვეყნად, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს საკუთარი ოცნებების რეალიზებას.

2. ჩვენი ღირებულებები

სულიერება და რუსი ხალხის ერთობა

დროის ახალ გამოწვევებზე სწორი პასუხის გაცემა მხოლოდ ზნეობრივად ჯანსაღ საზოგადოებას შეუძლია. ჩვენი ძალა სულიერ სიმდიდრესა და მრავალნაციონალური რუსი ხალხის ერთობაშია. ჩვენ აქტიურად დავიცავთ ზნეობრიობის საფუძვლებს მასმედიასა და ინტერნეტსფეროში.

ადამიანის განვითარება საკვანძო ღირებულება

ადამიანის განვითარება და მისი შესაძლებლობების რეალიზებისათვის პირობების შექმნა – საბოლოო ჯამში ამისთვის უნდა მუშაობდეს სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები, ამისკენ უნდა იყოს მიმართული ეკონომიკა. სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტია იმ სფეროების განვითარება, რომლებიც ადამიანთა ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს.

რუსეთის მომავალი მის რეგიონებშია

რუსეთის ფედერაცია ტერიტორიით მსოფლიოს უდიდესი ქვეყანაა. ჩვენი ამოცანაა, ხალხი კარგად ცხოვრობდეს არა მხოლოდ ზოგიერთ რაიონში, არამედ მთელ ქვეყანაში. რეგიონებს მძლავრი სტიმული უნდა ჰქონდეთ დამოუკიდებელი განვითარებისთვის. გადასახადების დიდი რაოდენობის საკუთარ ბიუჯეტში დატოვებით ისინი ეკონომიკური ზრდის საფუძველს და ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებისათვის ახალ შესაძლებლობებს მიიღებენ.

3. ღირსეული ცხოვრება დიადი ქვეყნის მოქალაქეებს

რუსთში მომუშავე ადამიანი ღარიბი არ იქნება. საბიუჯეტო სფეროში მომუშავე მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მიიღებენ რეგიონის ეკონომიკის საშუალო დონეზე მაღალ ხელფასს. პენსიები უკანასკნელ წლებში რუსეთში საგრძნობლად იზრდება.

ოჯახი სახელმწიფო პოლიტიკის ცენტრში იქნება. ჩვენ გავაძლიერებთ ბავშვებიანი ოჯახების მხარდაჭერას. დავეხმარებით ახალგაზრდა ოჯახებს საცხოვრებლის პრობლემის გადაწყვეტაში.

უკანასკნელ წლებში ჩვენი სკოლები შეიცვალა. ჩვენ დავუბრუნებთ რუსულ განათლების სისტემას მსოფლიოში წამყვან პოზიციებს.

ადამიანის ჯანმრთელობა ჩვენი პრიორიტეტია. მნიშვნელოვნად გაიზრდება როგორც ექიმების ხელფასი, ისე მათი პასუხისმგებლობაც. ვინაიდან ფიზკულტურა ძალზე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის, ჩვენ მთელ ქვეყანაში განვავითარებთ სათანადო ინფრასტრუქტურას.

ინვალიდებმა უნდა იცხოვრონ სრულფასოვნად. ამიტომ კეთილსასურველს გავხდით მათთვის ჩვენს დასახლებულ პუნქტებს. გავაფართოვებთ სარეაბილიტაციო ცენტრების ქსელს ინვალიდი ბავშვებისათვის.

4. ძლიერი ეკონომიკა ძლიერი რუსეთი

ძლიერი ეკონომიკა ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდის საფუძველი და ნაციონალური უსაფრთხოების გარანტიაა. საჭიროა ინვესტიციების მასშტაბური ზრდა. ჩვენი მიზანია 20 წელიწადში 25 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა ღირსეული ანაზღაურებით.

რეალურ სექტორში ინვესტირების სტიმული გახდება საპროცენტო განაკვეთების შემცირება. ჩვენ დავეხმარებით მეწარმეებს ახალ ბაზრებზე გასვლაში.

აუცილებელია ინოვაციების მასშტაბური დანერგვა. სახელმწიფო სტიმულს მისცემს ტექნიკურ გადაიარაღებებს და დაეხმარება ბიზნესს თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომაში.

სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკა უნდა იყოს სამართლიანი და ეფექტიანი.

რუსეთის ყოველი მესამე მოქალაქე სოფლად ცხოვრობს. მიწაზე მომუშავე ადამიანების შრომა სათანადოდ უნდა დაფასდეს. ჩვენ შევქმნით თანამედროვე პირობებს სოფლად ცხოვრებისათვის.

ჩვენ დავაჩქარებთ ფედერალური, რეგიონული და სასოფლო გზების მშენებლობასა და მოდერნიზებას, უზრუნველვყოფთ სატრანსპორტო ხელმისაწვდომობას ნებისმიერი პუნქტისათვის.

5. ეფექტური ძალაუფლება ხალხის კონტროლქვეშ

ჩვენ უზრუნველვყოფთ ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. შეიქმნება საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების კონტროლის რეალური მექანიზმები.

ხალხი თავად გადაწყვეტს, როგორ მოვაწყოთ ქვეყანა.

6. ძლიერი რუსეთ რთულ მსოფლიოში

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსეთმა, როგორც მსოფლიო ზესახელმწიფომ, აღადგინა პოზიციები საერთაშორისო არენაზე. ქვეყნის გაზრდილი ავტორიტეტი კი მის მონაწილეობას საერთაშორისო საქმეებში კიდევ უფრო საჭიროს ხდის. რუსეთის განვითარებისათვის, მოქალაქეებისა და ბიზნესისათვის ახალი შესაძლებლობები ჩვენმა ინტეგრაციულმა პროექტებმა უნდა შექმნან. რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის საბაჟო კავშირი არსებობს. 2012 წლიდან რეალობა ხდება ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნა – ეს ინტეგრაციის კიდევ უფრო ღრმა საფუძველია. წინ მივიწევთ – ევრაზიული კავშირის შექმნისაკენ, რომელიც ურთიერთობების ახალ ეპოქას ქმნის პოსტსაბჭოთა სივრცეში.

საერთაშორისო თანამშრომლობა ორმხრივი მოძრაობის გზაა. ჩვენ ურთიერთქმედებასა და დიალოგს ვემხრობით საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის, შეიარაღების კონტროლისა და კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ჩვენი პარტნიორების ცალმხრივი ნაბიჯები კი, რომლებიც რუსეთის აზრსა და ინტერესებს არ ითვალისწინებენ, ჩვენი მხრიდან შესაბამის შეფასებასა და საპასუხო რეაქციას მიიღებენ. საერთაშორისო პოლიტიკასა და ეკონომიკაში თამაშის წესები შეუძლებელია, განისაზღვროს მოსკოვის ზურგსუკან ან რუსეთის ინტერესების გვერდის ავლით.