პოლიტიკა
საპატრიარქო აფხაზური ეკლესიის წარმომადგენელთა მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შესახებ

sapatriarqo5თბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. აფხაზური ეკლესიის წარმომადგენელთა მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

საპატრიარქოს განცხადებას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ :

„როგორც ცნობილია, აფხაზურ საიტზე – apsnwpress.info – გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვარს მისმა ყოვლადუწმიდესობამ, მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I თავის რეზიდენციაში მიიღო ე. წ. აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის საბჭ", რომლის შემადგენლობაშიც შედიან: არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), მღვდელმონაზონი ანდრია (ამფარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია), თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია.

აღნიშნულის გამო საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი), რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დანიშნა პირადად მან, რადგან აფხაზთა მხრიდან გამოგზავნილი იყო არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდიენციის თხოვნით და როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც მიეცათ საუბრის შესაძლებლობა.

არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან „აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის საბჭოს“ წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ არ არის სწორი, ამ ფაქტს ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან „ოფიციალური ვიზიტი“ ან, თუნდაც, „ოფიციალური შეხვედრა“.

მან, ასევე, განაცხადა შემდეგი: კონსტანტინეპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის. აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს.

დაწვრილებით ინფორმაციას კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს  მსოფლიო საპატრიარქო უახლოეს მომავალში მიაწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.