თბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. სომხური ლიტერატურის დიდი კლასიკოსის – ოვანეს თუმანიანის, მემორიალური ბინის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით თბილისის სომეხთა კავშირი ა.წ. 15 იანვარს განცხადებით გამოვიდა, რომელიც სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით საქინფორმს მოაწოდა:
თბილისის სომეხთა კავშირის განცხადება
საქართველოს დედაქალაქში ალოგიკურ დასასრულს უახლოვდება მრავალწლიანი ისტორია ჩვენი თემის მცდელობისა – წაბილწვისაგან გვეხსნა სომხური ლიტერატურის დიდი კლასიკოსის – ოვანეს თუმანიანის, მემორიალური ბინა. 90-იან წლებში თბილისის მერიამ ერთ-ერთ ბიზნესმენთან ამორალური გარიგება დადო, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელს ქალაქში შემოტანილი ბენზინის ანაზღაურების ანგარიშში ბარტერით გადაეცემოდა რამდენიმე საჯარო ბიბლიოთეკა, მათ შორის – ოვანეს თუმანიანის სახელობის საქალაქო ბიბლიოთეკა, რომელიც მისი თბილისური ბინის დიდ ნაწილში იყო განთავსებული. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა მრავალწლიანი სასამართლო დავა ბიზნესმენის გამარჯვებით დასრულდა. ამჟამად ბინაში ინტენსიური გაყიდვისწინა რემონტი მიმდინარეობს.ერთადერთ მყიდველად გვევლინება ერთობლივი ქართულ-თურქული ფირმა „ჯეოთურანი“. ისტორიულ ბინას, რომელიც სომხური ლიტერატურის გენიის ოჯახმა 30-იან წლებში ნებაყოფლობით გადასცა საჩუქრად ქალაქს მისი სახელობის ბიბლიოთეკის მოსაწყობად, ფირმა იმ მიზნით ყიდულობს, რომ თურქი მუშების საერთო საცხოვრებლად გადააკეთოს. ფირმის ხელმძღვანელობამ პოეტის შვილთაშვილს – ალიონა თუმანიან-კოლესნიკოვას, რომელიც მემორიალური ბინის მეორე ნახევარს იკავებს, მისი ნაწილის გამოსყიდვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო.
ამჟამად თბილისში იმყოფება ისტორიული ძეგლების დაცვის დეპარტამენტის კომისია, რომელიც სომხურ ეკლესია სურბ ნშანში მომხდარი ხანძრისა და ეკლესიის ნაწილობრივ ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით ჩამოვიდა. კომისია ვალდებულია, თუნდაც, დროებით შეაჩეროს ჩვენი ისტორიის მიმართ განხორციელებული ბარბაროსობა. ოვანეს თუმანიანი, ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძე და მირზა ფათალი ახუნდოვი, რომლებიც ქართულ მიწაზე განისვენებენ, მთელ მსოფლიოს ეკუთვნის და მთელი მსოფლიო ვალდებულია, მათი ნათელი ხსოვნა დაიცვას. დაგვეხმარეთ კატასტროფის თავიდან აცილებაში!!!
მიხეილ თათევოსოვი, კავშირის თავმჯდომარე, ფსიქოლოგიის დოქტორი