პოლიტიკა
სააკაშვილი პრეზიდენტად 2013 წლის ოქტომბრამდე დარჩება

misha_MK---Copyთბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტი უფლებამოსილია, არჩევნების დღედ კვირის ნებისმიერი დღე დანიშნოს, გარდა პრეზიდენტის არჩევნებისა.

ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, აღნიშნულს უკვე კანონი არეგულირებს და არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს.

აღნიშნული საკითხი ძველი კანონმდებლობით დაკონკრეტებული არ იყო და პრეზიდენტი არჩევნებს, გამონაკლის შემთხვევებში, ძირითადად, კვირადღეს ნიშნავდა.

გარდა ამისა, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თვედ ოქტომბერი განისაზღვრა.

ძველი საარჩევნო კოდექსის მიხედვით კი, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური ეწყობოდა წინა არჩევნების ჩატარებიდან მე-5 წლის აპრილის მე-2 კვირადღეს, ხოლო პარლამენტის მორიგი არჩევნები – მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.

რადგან საქართველოს პრეზიდენტი არჩეულია 2008 წლის იანვარში, მისი უფლებამოსილება 2013 წლის აპრილში იწურებოდა. ახალი კოდექსის თანახმად კი, ახალი პრეზიდენტის არჩევნები მხოლოდ 2013 წლის ოქტომბერში ჩატარდება.