სამართალი
სამსახურიდან გათავისუფლებას საპროტესტო აქციით უპასუხებენ

guraSviliთბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამილა გურაშვილი ატყობინებს, თანამდებობიდან სოფელ მირზაანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის განთავისუფლების შემთხვევაში, ორგანიზაცია საპროტესტო აქციას გამართავს. ანზორ მაძღარაშვილმა, სოფელ მირზაანის  სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა, დაახლოებით ერთი თვის წინათ მუზეუმთან მისასვლელი გზის ავარიულობა გააპროტესტა და სიღნაღის გალერეაში 2008 წელს გამოფენილი ფიროსმანის ორი ორიგინალის – „მალაკნების ქეიფი“ და „მუშა სოსო“ – უკან დაბრუნება მოითხოვა. ამის გამო მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა 2010 წლის შემოდგომაზე, ფიროსმანობის დღესასწაულზე, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სიიდან ამოიღეს ბატონი ანზორ მაძღარაშვილი. სსიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში“ გამართულ ატესტაციაზე ფიროსმანის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელის თანამდებობის  დასაკავებლად ადგილობრივმა ნაციონალურმა მთავრობამ წარადგინა სახელისუფლებო კადრი ნელი გობეჯიშვილი, რომელიც გახლავთ კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხების მთავარი სპეციალისტი. ანზორ მაძღარაშვილი აღნიშნვს: „ატესტაციის შედეგები თებერვლის თვეში გახდება ცნობილი, მივყვეთ ბოლომდე, რა იქნება. ესენი თუ კომუნისტური პარტიული თვალსაზრისით ზომავენ  და არა ცოდნის შესაბამისად, მოხდეს, რაც მოსახდენია. მე მირჩევნია, სიმართლე ვთქვა, მე ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და ეს არის ჩემი საარსებო წყარო. ესენი შეგნებულად არ აკეთებენ გზას. ეროვნულ მუზეუმში 147 ორიგინალია, მაგრამ ორი ნახატი – „მალაკნების ქეიფი“ და „მუშა სოსო“ – მაინც წაიღეს მუზეუმიდან. ეს არის მირზაანის მორალურად დასამარება. ჩვენი მთავრობა, ვფიქრობ, რომ ეროვნულობაზე საერთოდ არ ზრუნავს“.

„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია აპროტესტებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ანტიხალხურ და ანტიეროვნულ პოლიტიკას და ანზორ მაძღარაშვილის, ამ პატრიოტი მამულიშვილის, თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში მუნიციპალიტეტში საპროტესტო აქციას გამართავს აღნიშნული განუკითხაობის შესაჩერებლად.