თბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურის განცხადებით, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში „ბანკი ქართუსთვის“ ჩამორთმეული 2 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო ბანკს დაუბრუნდა.
2 მლნ აშშ დოლარი და 1 მლნ ევრო პოლიციის მიერ ბანკის საინკასაციო მანქანიდან იქნა ამოღებული 2011 წლის18 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ჩატარებული ოპერაციის შედეგად. ამას ორი კვირით ადრე წინ უძღოდა მილიარდერი ქველმოქმედის განცხადება პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებისა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ ეს ქმედება ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უკავშირდებოდა. ხელისუფლების თქმით, „ბანკი ქართუს“ მიერ დიდი რაოდენობის ნაღდი ფულის გამოყენებით განხორციელებული ტრანსაქცია საეჭვო იყო და სტანდარტული პროცედურების დარღვევით განხორციელდა. ეს ბრალდებები ბანკმა კატეგორიულად უარყო და თანხის ჩამორთმევა პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებად და პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ანგარიშსწორებად შეაფასა.მთავარმა პროკურატურამ 10 იანვარს მოკლე წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 18 ოქტომბერს ამოღებული თანხა „ბანკი ქართუს“ ანგარიშზე გადაირიცხა.
„2011 წლის 18 ოქტომბერს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, გადაირიცხა „ბანკიქართუს“ ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით, რაც გამორიცხავს მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე გამოძიება გრძელდება, თუმცა დეტალებზე საუბარი არ არის.
„ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნოდარ ჯავახიშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ 11 იანვარს განუცხადა, რომ მისთვის გაურკვეველია, თუ რატომ გრძელდება კვლავ გამოძიება, ვინაიდან „ბანკ ქართუს“ რაიმე დარღვევა არ ჩაუდენია.