თბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. ირლანდიის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ეიმონ გილმორმა განაცხადა, რომ ეუთოს ზონაში კონფლიქტების მოგვარება ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს შორის იქნება.
ეუთოს ახალმა მოქმედმა თავმჯდომარე ეიმონ გილმორმა 12 იანვარს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს წინაშე თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა, რომ ირლანდია შეეცდება, იპოვოს ის გზები, რომლებითაც შესაძლებელი იქნება პროგრესის მიღწევა ეუთოს ზონაში არსებული მთელი რიგი კონფლიქტების გრძელვადიანი მოგვარების საქმეში, ეს ეხება საქართველოში არსებულ კონფლიქტებსაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებთან დაკავშირებით.
„საქართველოში არსებული სიტუაცია კონკრეტული შეშფოთების საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა ირლანდიის ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ ირლანდია დიდ მხარდაჭერას უცხადებს ჟენევის დისკუსიებს.ირლანდიელი დიპლომატი პოდრიგ მერფი, რომლის ქვეყანაც ეუთოს თავმჯდომარე გახდა ლიტვის შემდეგ, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეა ეუთოდან. ჟენევის დისკუსიების შემდეგი – მე-19 რაუნდი 28-29 მარტს არის დაგეგმილი.
თავის გამოსვლაში ეიმონ გილმორმა, ასევე, განაცხადა, რომ იგი მზად არის, დაბალანსებულად და პრაგმატულად განახორციელოს ეუთოს პრინციპები და მიზნები.
მისი თქმით, ჩრდილოეთ ირლანდიაში გრძელვადიანი მოგვარების მიღწევა შესაძლოა, სასარგებლო იყოს იმ ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც ეუთოს რეგიონში არსებული კონფლიქტების მოგვარებისთვისაა საჭირო.
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის – ირლანდიის, პრიორიტეტებს შორის გილმორმა ადამიანის უფლებებსა და ინტერნეტთავისუფლებაზე ფოკუსირება დაასახელა.
აგვისტოს ომამდე ეუთოს საქართველოში საკუთარი მისია ჰყავდა, მათ შორის, საველე ოფისი ცხინვალში. თუმცა 2009 წელს ორგანიზაციას საქართველოში მისიის დახურვა მოუხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, რომელიც, ასევე, ეუთოს წევრია, სადაც გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება, მისიის მანდატის გაგრძელება დაბლოკა.