საზოგადოება
გათავისუფლებულ მეზღვაურებს სამშობლოში დღეისთვის ელოდებიან

mekob1თბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. როგორც სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მეზღვაურებს ოჯახებში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

„აირზენას“ სპეციალური რეისი, რომლითაც მეზღვაურები ჩამოვლენ, ბათუმის აეროპორტში დაფრინდება.

როგორც ცნობილია, 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური სომალელი მეკობრეების ტყვეობაში თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მეზღაურების ტყვეობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. შესაბამის მოლაპარაკებებს საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა. ქართული მხარე მეზღვაურების სამშობლოში დაბრუნებამდე მათი გათავისუფლების პირობებზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს.

უცხოური პრესა მეზღვაურების გათავისუფლებისთვის გადახდილ თანხაზე მიუთითებს, საუბარია 3 მლნ აშშ დოლარზე. თუმცა საზღვაო ადმინისტრაცია მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მეკობრეებისთვის ფულის გადახდის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.