სამართალი
საფრანგეთმა ივანიშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე ჯერ უარი უთხრა

biz28თბილისი, 12 იანვარი, საქინფორმი. საფრანგეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ჯერ უარი უთხრა.

საფრანგეთის მთავრობის წერილში, რომელიც ივანიშვილის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს,  საფრანგეთის მთავრობა ადასტურებს, რომ მოქალაქეობის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ვერ შეუწყვეტს საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას, სანამ ის საქართველოს მოქალაქეობას არ მიიღებს.

საფრანგეთის მთავრობამ აღნიშნული წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოთხოვნას უპასუხა.

ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 5 იანვარს წარუდგინა. ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმუმ 44 დღე აქვთ დარჩენილი.