თბილისი, 12 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მედიასაშუალებებთან მიმართებაში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საქინფორმი განცხადებას მკითხველს უცვლელად სთავაზობს:
„სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ცდილობს, მოსპოს მედიის დამოუკიდებლობა. სააკაშვილმა მრავალი საშუალებით გადაწყვიტა მედიის მოხრჩობა. ტელევიზიების იმ ნაწილში, რომლის გაკონტროლებას სააკაშვილი ვერ შეძლებდა, შევარდა სპეცრაზმით და ჩაიდინა არნახული ძალადობა ჟურნალისტთა კორპუსთან მიმართებაში. რაც სააკაშვილმა მოიმოქმედა ტელეკომპანიებთან – „იბერიასა“ და „იმედთან“ – მიმართებაში, არ ჩაუდენია ხუსეინსა და მუბარაქს, როდესაც ცეცხლის ალში იყო გახვეული ერაყი და სირია. ტელეკომპანია „ბი ბი სი“ ცეცხლის ალიდან მაუწყებლობდა, მაგრამ არც მუბარაქს და არც ხუსეინს აზრად არ მოსვლია ჟურნალისტებთან გამკლავება სპეცრაზმის გამოყენებით.ვინაიდან ყველა დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში სააკაშვილი სპეცრაზმით ვერ შევარდებოდა, გამოყენებულ იქნა ფინანსური ზეწოლის მექანიზმი.
თუ გადავხედავთ ტელეკომპანიებს – „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, დავინახავთ, რომ ისინი აკონტროლებენ სარეკლამო ბაზრის დაახლოებით 90%-ს. ვერცერთი მსხვილი ბიზნესმენი ვერ ბედავდა, მიეტანა ტელეკომპანია „მაესტროში“, „კავკასიაში“ და დამოუკიდებელ ბეჭდურ მედიაში მსხვილი სარეკლამო შეკვეთა, ვინაიდან ასეთ ბიზნესმენს ელოდებოდა „გასეირნება“ გლდანის ცნობილ №8 საპყრობილეში. მიუხედავად ფინანსური ზეწოლისა, „კავკასია“, „მაესტრო“ და დამოუკიდებელი ბეჭდური მედია ცდილობდნენ, როგორმე თავი გადაერჩინათ, მაგრამ შეენარჩუნებინათ ჟურნალისტური მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, რაც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გმირობის ტოლფასია.
სახელისუფლებო ისტერიის გაგრძელება იყო ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც, ალპინიზმის ნიჭით დაჯილდოებული ეროსი კიწმარიშვილის ტელეკომპანია „მაესტროში“ გადაძრომა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გაზეთ „ალია ჰოლდინგზე“ ბინძური საშუალებებით შეტევა. როგორც კი დამოუკიდებელ ტელეკომპანიებს და ბეჭდურ მედიასაშუალებებს გაუჩნდათ დაფინანსების ლეგალური წყარო, რეჟიმმა მაშინვე დაიწყო ბინძური კამპანია მართვადი სატელევიზიო საშუალებებით.
ჩემი ღრმა რწმენით, იმის გამო, რომ სააკაშვილის რეჟიმი უფრო ბინძურ კამპანიაზეა წამსვლელი, საჭიროა, ხელისუფლების ისტერიას გაეცეს საკადრისი პასუხი.
მოვუწოდებ ტელეკომპანიებს – „მაესტროს“, „კავკასიას“, და ბეჭდურ მედიას, სასწრაფოდ გამოითხოვონ ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, სარეკლამო შემოსავლები და ისინი შეადარონ საკუთარ შემოსავლებს.
აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს ზემოთ აღნიშნულ ტელეკომპანიებში სარეკლამო შემოსავლების საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა, რათა საზოგადოება დარწმუნდეს სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებთან მიმართებაში განხორციელებულ საინფორმაციო ტერორში. საჭიროა, სასწრაფოდ მოხდეს ბატონ მამუკა ღლონტის იდეის რელიზება „ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის!“, ვინაიდან მოდის საარჩევნო წელი და სახეზეა ხელისუფლების ინტერესი – დაანგრიოს და გაანადგუროს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რათა არჩევნები ჩაატარონ ბოლშევიკური სულისკვეთებით – „მიშა მაგარია!“