სააკაშვილი: „პოლიტიკური წარსულის ვამპირები, მუმიები, ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან“
თბილისი, 12 იანვარი,
საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი კლინიკის გახსნის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისადმი მიმართვის დროს გააკეთა. მისი თქმით, „ვისაც რუსული ფულით საქართველოს უკან დაბრუნება უნდა, ამას ვეღარ შეძლებს“.
„მეგონა, რომ ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყვლიფავდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან, მოვიშორე, გავწიე გვერდზე. ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველანი ერთად შეიკრიბნენ. ცოტათი დაბერებულან კიდეც, გამხდარან, იმიტომ, რომ ვეღარ ხრავენ ისე, როგორც ხრავდნენ; კიდევ უფრო გაბოროტებულან, რადგან ამდენი წელია, უყურებენ, რომ ქვეყნის საქმეები წინ მიდის და მათი საქმე სულ უფრო უკან მიდის; ახლა ყველა ერთად შეიკრიბა, მოდი, დავილაშქროთ და კიდევ ერთხელ შევუტიოთ, იქნებ კართაგენი დაეცეს და იქნებ ჩვენი დრო ისევ დადგეს; იქნებ ისევ მოგვაპარინონ პენსიები, სოციალური დახმარებები, იქნებ ისევ გაგვაყალბებინონ მასობრივად არჩევნები; იქნებ ისევ ვიხლაფორთოთ, ვიჩალიჩოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, როგორც ვჩალიჩობდით და ვაკეთებდით, ახლა ამათ ხომ არ ჩავაბარებთ ქვეყანას, ჩვენც ხომ გვეკუთვნის რაღაც. არაფერი არ ეკუთვნით – ეს ხალხი რამდენიმე წლის წინ ქართველმა ერმა მოიშორა თავიდან ერთხელ და სამუდამოდ, ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან. მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ ფილმებში“, – განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად დაუსახელებია კონკრეტულად ის პირები, რომლებიც სიტყვით გამოსვლაში იგულისხმა. ყველაფერი ისედაც გასაგები იყო. მას, უდავოდ, მხედველობაში ჰყავდა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენილი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უწინ მისი მომხრე და ნაცხელისუფლების სპონსორი იყო, და, ასევე, შევარდნაძის დროის ყველა მაღალჩინოსანი, ვინც ივანიშვილს მიემხრო. პლუს – თავისი არცთუ შორეული თანამებრძოლი „ვარდების რევოლუციის“ დროს – საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი ნინო ბურჯანაძე და ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, რომლებსაც მოსკოვში რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან რამდენიმე შეხვედრა ჰქონდათ.