პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პასუხი კონტროლის პალატას

qarTuli-ocnebaთბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ოცნება“ კონტროლის პალატას პასუხობს. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნება“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებს, მისი საქმიანობა გამჭვირვალეა და ყველა მისი ნაბიჯი სრულად ექცევა საერთაშორისო სამართლით, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით დაცული გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტიურობის ფარგლებში.

„ხელისუფლების რომელიმე დაწესებულების მხრიდან საზოგადოებრივი მოძრაობის საქმიანობაში ჩარევა და მისი კონტროლი განსაკუთრებულ ვალდებულებებს აკისრებს თავად ხელისუფლებას და აუცილებლად გულისხმობს ამგვარი მოთხოვნის დასაბუთებას და დოკუმენტებით გამყარებას. ეს პრინციპი ვრცელდება კონტროლის პალატაზეც. 2012 წლის 5 იანვარს, 20:30 საათზე, საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ გადაეცა კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის – ნათია მოგელაძის, წერილი, რომლითაც საზოგადოებრივ მოძრაობას მოეთხოვება სამი დღის ვადაში ინფორმაციის წარდგენა 2011 წლის 1-ლი ნოემბრიდან ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების თაობაზე. ამავე წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ განცხადებული აქვს პოლიტიკური მიზნები და ამოცანები და, აქედან გამომდინარე, იგი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტია.

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ლეგიტიმური, თუ კონტროლის პალატა დაუყოვნებლივ აცნობებს:

1) კონკრეტულად, ვინ, რომელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელი ნორმატიული აქტის და რომელი ნორმის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;

2) რომელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად ამგვარ გადაწყვეტილებას;

3) ასეთი ფაქტობრივი გარემოებებიდან, თუ ისინი არსებობს, კონკრეტულად, რომელი მოქმედება ჩაითვალა ისეთ პოლიტიკურ ქმედებად, რომლის გამოც საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე უნდა გავრცელდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონმდებლობა.

საზოგადოებრივი მოძრაობა მოითხოვს, რომ კონტროლის პალატამ მიაწოდოს და საზოგადოებას გააცნოს ყველა ის დოკუმენტი და აქტი, რომლებიც 5 იანვარს საზოგადოებრივი მოძრაობისათვის გაგზავნილ წერილს დაედო საფუძვლად და რომლითაც დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საჯაროდ განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.