სამართალი
თბილისში ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა – 200 000 ლარია

totalizatoriთბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. თბილისის ტერიტორიაზე ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი 200 000 ლარით განისაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური აწერს.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების შემდეგ მთავრობამ ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები დაადგინა. კერძოდ, 2012 წლის იანვრიდან ტოტალიზატორის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთები ასე განისაზღვრა: თბილისის ტერიტორიაზე – 200 000 ლარი; ბათუმის ტერიტორიაზე – 80 000 ლარი; ქუთაისში – 80 000 ლარი; რუსთავში – 80 000 ლარი; ხოლო სხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე – 40 000 ლარი.