სამართალი
ამნისტია 15 ათასის სანაცვლოდ?
GFF2თბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. როგორც მკითხველისთვის ცნობილია, 5 იანვარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საფეხბურთო სკანდალში გახვეულ 5 ფეხბურთელს – გიგა ბეჭვაიას, სპარტაკ გოგიას, კახაბერ კირთაძეს, როინ ონიანსა და ლევან ვართაგავას – სამუდამო დისკვალიფიკაცია ამნისტიით შეუცვალა, რის შემდეგაც ფეხბურთელები საფეხბურთო ცხოვრების რიტმს დაუბრუნდნენ.
როგორც წესი, ასეთ სანქციებს ფულადი ჯარიმებიც ახლავს, გარდა ამისა, ამნისტიის შემთხვევაშიც კი ფეხბურთელებს რეგლამენტის მიხედვით დაწესებული თანხის გადახდა უწევთ (საქართველოს შემთხვევაში ეს 15 ათასი ლარია). როგორც საქინფორმმა გაარკვია, ამნისტირებულ ფეხბურთელებს შეატყობინეს, რომ მათ თამაშის უფლების სანაცვლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი თათა ბურდული საქინფორმთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ ხუთ ფეხბურთელს ჯარიმის გადახდა არ მოუწევს.
„საერთოდ, ამნისტიის შემდეგ ფულადი ჯარიმაა გადასახდელი, მაგრამ ამნისტირებული ფეხბურთელები ყოველგვარი სანქციისგან გათავისუფლდნენ და მათთვის ეს პრობლემა არ იქნება“, – აღნიშნა ბურდულმა.
შეგახსენებთ, რომ ეს ფეხბურთელები სკანდალში 10 მაისს გაეხვნენ, რის შემდეგაც სფფ-ის აღმასკომმა მათ სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ კი მათი ამნისტია 5 იანვარს გამოაცხადა.