საზოგადოება
საქართველოს რკინიგზა თანამედროვე ელმავლების რაოდენობას ზრდის

rkinigzaa1თბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. შპს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ 2011 წლის შედეგები შეაჯამა და 2012 წლის გეგმებზე ისაუბრა.

2011 წელს რკინიგზამ 140 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა „თბილისის შემოვლითი რკინიგზის“ მშენებლობაზე და 92 მილიონი ლარი „სწრაფი რკინიგზის“ პროექტის განხორციელებაზე. კომპანიის შემოსავლები საშუალებას იძლევა, დასრულდეს აღნიშნული პროექტები დამატებითი სესხების აღების გარეშე.

2012 წელს თბილისის შემოვლითი რკინიგზის და სწრაფი რკინიგზის მშენებლობაზე იგეგმება 200 მილიონი ლარის სამუშაოების შესრულება. 80 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება სატვირთო შემადგენლობაში. მიმდინარეობს ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა და 2012-ში ამ მიმართულებით 10 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ლიანდაგებისა და ინფრასტრუქტურის სხვა შემადგენელ ნაწილებში ინვესტიციები 50 მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ იანვრიდან მგზავრობის დრო თბილისიდან ბათუმამდე 5 საათსა და 15 წუთამდე შემცირდება, რაც მოდერნიზაციის პროექტის გარკვეული ნაწილის დასრულების შედეგია.

2011 წელს შპს „საქართველოს რკინიგზამ“ 5 სრულიად ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი მატარებელი შეიძინა, რომელსაც მსოფლიოში დღეს მიღებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგია და სისტემა აქვს.