საზოგადოება
„ჯაჭვებით ვიყავით დაბმული 8 თვის განმავლობაში“

mekob1თბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. გემი „ოლიბ. ჯის“ კაპიტანი მემედ ზაქარაძე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში ყოფნის პერიოდს იხსენებს.

როგორც ზაქარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში ჰყვება, ქართველმა მეზღვაურებმა ტყვეობაში უმძიმესი 508 დღე გაატარეს.

„უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. ეს იყო ჯოჯოხეთური წამება, შიმშილი, უწყლობა, ცემა. ჯაჭვებით ვიყავით დაბმული 8 თვის განმავლობაში“, – აცხადებს მემედ ზაქარაძე.

მისივე თქმით, როგორც 15 ქართველი მეზღვაურის, ისე თურქეთის 3 მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კარგად ვართ, დაცვის თანხლებით ვიმყოფებით გემზე“, – აღნიშნავს გემის კაპიტანი.

ქართველი მეზღვაურები ამ დროისთვის ინდოეთის ოკეანეში იმყოფებიან და აფრიკის ერთ-ერთი ქალაქის პორტისკენ მიემგზავრებიან, სადაც 12 იანვარს შევლენ.

სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია 8 იანვარს გავრცელდა. ისინი საქართველოში 16 იანვრისთვის ჩამოვლენ.